"სოციალურად დაუცველთა სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონამდე ლარი გამოიყოფა"

ელექტროენერგიის ძველ და ახალ სამომხმარებლო ტარიფებს შორის განსხვავებას სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახელმწიფო სრულად დაფარავს.

ამის შესახებ გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული 208 ათას სოციალურად დაუცველ ოჯახს შეეხება. "მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ სემეკის გადაწყვეტილება მძიმე ტვირთად არ დააწვეს პირველ რიგში სოციალურად დაუცველ ჩვენ მოსახლეობას. ჩემი დავალებით მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა დაამუშავა სუბსიდირების რამდენიმე გეგმა, თუმცა გადაწყვეტილება შევაჩერეთ ისეთ სქემაზე, რომლითაც სახელმწიფო მთლიანად დაფარავს ტარიფში არსებულ სხვაობას სოციალურად დაუცველი ყველა ოჯახისთვის. არც ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს არ მოუწევს არც ერთი თეთრით იმაზე მეტის გადახდა, რასაც აქამდე იხდიდა. ეს ეხება სოციალურად დაუცველ ყველა - დაახლოებით 208 ათას ოჯახს (633 ათასი ადამიანისთვის), ვინც 70 ათასი ქულა მიიღო სოციალურად დაუცველთა ბაზაში, იმის მიუხედავად, რომელი კატეგორიის მომხმარებელია, ანუ ბევრ ელექტროენერგიას მოიხმარს თუ ცოტას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველთა სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონამდე ლარი გამოიყოფა. "ცხადია, ეს დამატებითი ხარჯი იქნება ბიუჯეტისთვის, მაგრამ ეს არის აუცილებელი ნაბიჯი", - განმარტა პრემიერმა.