მნიშვნელოვანი სიახლე ქართველი მელომანებისთვის - დიქსონი თბილისში დაუკრავს

ცნობილი პროდიუსერი და დიჯეი, ლეიბლ Innervisions-ის დამფუძნებელი, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ჰაუსის ჟანრში საინტერესო კომპოზიციებს ქმნის და კიდევ უფრო საინტერესო რემიქსებს სთავაზობს საკუთარ მსმენელს.

"სონარიდან" დაწყებული, ყველა პრესტიჟული ფესტივალის სტუმარია. არტისტი ბოლო ორი წელია Resident advisor-ის გამოკითხვებში პირველ ადგილს ინარჩუნებს. დიქსონი 13 ნოემბერს თბილისში GEM fest-ის ჯგუფის მოწვევით დაუკრავს.

ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დამფუძნებლებმა შესანიშნავი სიურპიზი შემოგვთავაზეს, ვინც GEM fest-ზე Full house პაკეტს შეიძენს, ავტომატურად იქნება იმ ბედნიერ მელომანებს შორის, რომლებიც ნოემბერში დიქსონის სეტს დაესწრებიან და საინტერესო ისაა, რომ დიქსონის ბილეთის ფულის გადახდა არ მოუწევთ. ასე რომ, უფასოდ დაესწრებიან საყვარელი დიჯეის სეტს. GEM fest-ის ბილეთების თაობაზე ეწვიეთ საიტს gem-fest.com

ანაკლიაში ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 30 ივლისს იწყება და 7 აგვისტომდე გაგრძელდება. მოსამზადებელი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. შენდება 5 სცენა, ასევე საზაფხულო კინოთეატრი ახალგაზრდა რეჟისორების მოკლემეტრაჟიანი ფილმების საჩვენებლად. არმინ ვან ბიურენთან, "დაბფაიართან", "ბუკა შეიდთან", ელენ ელიენთან, პეტრე ინსპირესკუსთან ერთად, ქართველი დიჯეებიც გამოვლენ. ასევე იქნება ქართული ბენდების კონცერტები, მათ შორის ნინო ქათამაძის, "ნიუტონის", ბაკურ ბურდულის, "ლაუდსპიკერსის".

ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის პარალელურად, GEM fest-ის ორგანიზატორები სხვა ივენთებზეც ფიქრობენ და ერთ-ერთია სწორედ დიქსონის სეტი ნოემბერში. რაც შეეხება დიქსონს, მართალია, ის პროდიუსერიც გახლავთ და საკუთარი ლეიბლის მეპატრონეც, როგორც თავად ამბობს, მთავარ საქმიანობად მაინც დიჯეობა რჩება. თუკი ხალხს საცეკვაო მოედანზე მთელი ღამის განმავლობაში ვერ აჩერებ, ე.ი. წყვეტ განვითარებას, როგორც დიჯეი და ეს დიქსონს ყველაზე ნაკლებად სურს, ამიტომაც მისი სეტები ყოველთვის გამორჩეულია.

bpn.ge GEM fest-ის ოფიციალური მხარდამჭერია.