ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი 2015" საზეიმოდ გაიხსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი 2015" გუშინ გახსნილად გამოაცხადა.

"ევროპის ოლიმპიურ ახალგაზრდულ ფესტივალს, "თბილისი 2015"-ს გახსნილად ვაცხადებ", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარე ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე.

სპორტსმენებს მიმართა ახალგაზრდული ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა. მისი თქმით, საორგანიზაციო კომიტეტმა ძალიან ბევრი იშრომა და ამაყები არიან იმით, რომ ეს ყველაფერი შეძლეს. "ჩვენ ოცნება ვაქციეთ რეალობად. ჩვენ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელეთ. 11 სპორტული არენიდან 7 სპორტული არენა სწორედ ამ ფესტივალისთვის აშენდა. ოლიმპიური სოფელი კი სწორედ თქვენთვის აშენდა, ძვირფასო სპორტსმენებო. თქვენ გამორჩეულები ხართ, თქვენმა სიყვარულმა და თავდადებამ სპორტის მიმართ განაპირობა ის, რომ თქვენ აქ ხართ, ეს თქვენი ზეიმია. თქვენი მონაწილეობა უკვე ისტორიაა მომავალი თაობისთვის, თქვენთვის კი დიდი ნაბიჯია მომავლისკენ", - განაცხადა ახვლედიანმა.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკმა კი განაცხადა, რომ ამ დღეებში ევროპის ახალგაზრდობა გაანათებს თბილისს და თამაშების შემდეგ თბილისს ინფრასტრუქტურული მემკვიდრეობა დარჩება. "ეს თამაშები საქართველოს სპორტის მდგრადი განვითარების პროცესში წინგადადგმული ნაბიჯია. უფრო მეტიც, სტიქიის შემდეგ, ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს თბილისს. სპორტი იმედისმომცემია ნებისმიერ რთულ ვითარებაში და ევროპის მთელი ოლიმპიური ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას", -განაცხადა პატრიკ ჰიკმა.