ყულევის ტერმინალის ტვირთბრუნვაში „ახალი“ მოთამაშეები გამოჩნდნენ - მიზეზები

ყულევის ტერმინალის ტვირთბრუნვაში „ახალი“ მოთამაშეები გამოჩნდნენ. ამის შესახებ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ (TCRC) მიერ გამოქვეყნებულ ანალიზშია საუბარი.

უფრო კონკრეტულად, TCRC განმარტავს, რომ 2024 წელს ყულევის ნავთობტერმინალის ტვირთბრუნვამ 2.5 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 0.35 მლნ ტონით გაზრდილი მაჩვენებელია. აქედან, 0.95 მლნ ტონა აზერბაიჯანული წარმოშობის, ხოლო დარჩენილი 1.55 მლნ ტონის, მნიშვნელობანი ნაწილი ცენტრალური აზიის ქვეყნების ყაზახეთის და თურქმენეთის ტრანზიტული ტვირთია.

თუ რამ განაპირობა აზერბაიჯანის საკუთრებაში მყოფი ყულევის ტერმინალის ტვირთბრუნვაში „ახალი“ მოთამაშეების გამოჩენა, „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ წერს, რომ ეს აზერბაიჯანის მხარის მიერ არჩეულ „ღია კარის“ პოლიტიკას უკავშირდება.

კერძოდ, როგორც ცნობილია, წინა პერიოდისგან განსხვავებით, როდესაც აზერბაიჯანული მხარე მონოპოლიურად მართავდა ყულევის ნავთობტერმინალის ინფრასტრუქტურას, ბოლო ორ წელიწადში მიდგომა რადიკალურად შეცვლილია, რაც ნავთობპროდუქტების დამამზადებელი ქვეყნის წარმოშობის მიუხედავად ნებისმიერ ტვირთმფლობელთან კონტრაქტის მარტივად გაფორმებას ითვალისწინებს.

„ტერმინალის მენეჯმენტის მიერ „ღია კარის“ პოლიტიკის გატარებამ, რაც ყაზახეთის და თურქმენეთის ტვითმფლობელები ტერმინალის ინფრასტრუქტურაზე თავისუფალ დაშვებაში აისახა, 2024 წელს დადებითი შედეგი გამოიღო.

ახალი პოლიტიკის კვალდაკვალ, მეზობელი სახელმწიფოების ხარჯზე, 2024 წლიდან ტერმინალში დაემატა, თვეში 40 – 50 ათასი ტონა სატრანზიტო თურქმენული და 20 – 30 ათასი ტონა ყაზახური ნავთობპროდუქტები, ძირითადად – გაზოილი, პარაქსილოლი, ბენზოლი და მაზუთი. რეალურად 2024 წელს ყულევის ტერმინალზე აზერბაიჯანის ნავთობის ტვირთბრუნვა შემცირდა, ცენტრალური აზიიდან ტრანზიტი კი ორჯერ გაიზარდა“,- აღნიშნავს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“.

რაც შეეხება აზერბაიჯანის ნავთობნაკადის შემცირებას, TCRC განმარტავს, რომ ამას თავისი ახსნა გააჩნია. კერძოდ, ეს პირველ რიგში, ბაქოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ევრო – 5 სტანდარტზე გადასვლით გამოწვეული მოდერნიზაციით იყო განპირობებული.

TCRC წერს, რომ ტერმინალის არსებული ინფრასტრუქტურის ნაწილობრივ დატვირთულობის მიუხედავად, ტერმინალს ნავთოპროდუქტების წელიწადში 10 მლნ ტონის გატარების შესაძლებლობა გააჩნია. სატრანსპორტო ბაზარზე ტვირთების ახალი ნომენკლატურის გამოჩენამ კი, მენეჯმენტი აუცილებლობის წინაშე დააყენა, შეექმნა ახალი ტვირთების შესაბამისი ინფრასტრუქტურული სიმძლავრეები.

„უახლოესი პერიოდისთვის, ყულევის ტერმინალს გააჩნია ამბიციური გეგმა, შეკუმშული გაზისა და ნავთობქიმიური პროდუქტების გადამუშავებისთვის დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობით, გაზარდოს ტერმინალის ტვირთბრუნვა წელიწადში 4 მლნ ტონამდე.

ყულევის საზღვაო ნავსადგურს სამი ნავმისადგომი გააჩნია, რომელთაგან ორი გამოიყენება საზღვაო ტანკერების ჩასატვირთად, ხოლო მესამე დამხმარე ფლოტის დასამაგრებლად.

უახლოეს პერიოდში გათვალისწინებულია ყულევის ტერმინალის ფსკერდაღმავებითი სამუშაოების განხორციელება. პერსპექტივაში არსებული 12-14 მ დაღრმავება 15 მეტრამდე გაიზრდება. ფსკერდაღრმავების პროექტის განხორციელების საფუძველზე, შესაძლებელი იქნება ტერმინალმა განაახლოს Aframax ის ტიპის 80-119 ათასი ტონა დედვეიტის გემების მიღება და გაზარდოს ნავთობის გადაზიდვის პარტიები. სადღეისოდ ტერმინალს მხოლოდ 45 ათასი ტონა ტვირთამწეობის გემების მიღება შეუძლია“,- აღნიშნულია ანალიზში.

როგორც „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ წერს, ტერმინალის მენეჯმენტის მიერ „ღია კარის“ პოლიტიკის გატარებამ დადებითად იმოქმედა, როგორც საქართველოს რკინიგზის დატვირთულობის გაზრდაზე, ასევე შუა დერეფნით ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან დამატებითი ნავთობნაკადის მოზიდვაზე.

ნინი ქეთელაური