გარეთ მუსტანგი, შიგნით პონი...

”ფორდმა” თავისი ფლაგმანი გააკეთილშობილა და პატარა ძრავითაც გვთავაზობს. არის თუ არა ეს ნამდვილი ”მუსტანგი”?

ტერმინები ”უცხიმო” ან ”უკალორიო” სწორედ ამერიკიდან მოდის. ახლა კი, ამერიკელები უკვე Ford Mustang Light-საც გვთავაზობენ - ”ფორდ მუსტანგს” 4-ცილინდრიანი ძრავით, ხალხო! ეს არის 2,3-ლიტრიანი ძრავით აღჭურვილი ”მუსტანგ კაბრიო”, ”ცხოველი ლაითი” - თუ შეიძლება, რომ ასე ითქვას.

მაგრამ ჩნდება ლეგიტიმური კითხვა: არის თუ არა ეს ჯერ კიდევ ნაღდი ”მუსტანგი”? ვიზუალური თვალსაზრისით, ამ ”მუსტანგის” ”მუსტანგობაში” ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, რადგან, თავისი სიგრძით, ეს ამერიკელი სახელდობრ BMW 4er Cabrio-ზე 14 სანტიმეტრით გრძელია. საჭესთან მოთავსებული მძღოლის წინ, კაპოტზე უსასრულო ხედი იშლება, თუმცა, აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ კაპოტზე ამერიკული ორიგინალის საჰაეროები აკლია. სამაგიეროდ, ”ფორდმა” მუხრუჭები, გაგრილების სისტემა და სავალი ნაწილი გერმანული ავტობანების სტანდარტს შეუსაბამა.

გერმანელებს და, ზოგადად ევროპული ყაიდის ავტომოყვარულებს ძალიან მოეწონებათ ისიც, რომ მოუხეშავი პლასტმასები ინტერიერში წარსულს ჩაბარდა და მათ ნაცვლად, ახლა რბილ მასალებს, ქრომირებულ დეტალებს და სრულიად თანამედროვე ეკრანს შეხვდებით. ელექტრონულად რეგულირებადი ტყავის სავარძლები კარგია, მაგრამ მიუხედავად ასეთი იმპოზანტური სიგრძისა, ”მუსტანგი” უკანა სავარძელზე, მუხლებისთვის Audi Cabrio-ზე მეტ სივრცეს ნამდვილად არ გვთავაზობს.

ხარისხის ახალ საფეხურზეა აყვანილი Mustang Cabrio-ს სახურავიც. დიდი უკანა მინის დამსახურებით ხილვადობა გაუმჯობესებულია, თავად სახურავი კი მყარად და კარგად ზის. როდესაც გადახდილია, საქარე მინის უკან ჰაერის ნაკადი ზუსტად ისე გირტყამს, როგორც საჭირია. Ford Mustang Cabrio - ეს ის შემთხვევაა, როცა კაბრიოლეტში ისეთი დეტალები, როგორებიცაა Windschott ან ჰაერისგან სხვა ნებისმიერი დამცავი, უადგილოა და ”მუსტანგის” მოყვარულებს მიაჩნიათ, რომ ეს ”დედიკოს ბიჭებისთვის” განკუთვნილი რამე-რუმეებია.

ეს იმიტომ, რომ ”მუსტანგი” ისეთ რამედ მიიჩნევა, როგორიცაა ”კაცური ავტომობილი”. ნაღდი ინსტრუმენტები, ნაკლები გლამური - ყველაზე მნიშვნელოვანი ასისტენტ-სისტემა ხელის მუხრუჭია. თანაც, არა ელექტრონული და ღილაკზე, არამედ ნაღდი, მექანიკური ხელის მუხრუჭი - ისეთი, როგორიც უნდა იყოს.

ჰოდა, დავაჭიროთ სტარტის ღილაკს და აი, ამ დროს დგება სრული სიმართლის დრო. დიდი კაპოტის ქვეშ პატარა ძრავუკა იღვიძებს - აგრეგატუნა, რომელიც ძრავის განყოფილებას მხოლოდ სანახევროდ ავსებს.

იხილეთ სრულად