ყაზახეთმა „ოქროს ვიზები“ შემოიღო

ყაზახეთმა საინვესტიციო, ანუ ე.წ. ოქროს ვიზის მიღების წესები დაამტკიცა, რომელიც 10 წლამდე ვადით ბინადრობის ნებართვის მიღების უფლებას იძლევა.

ამის შესახებ ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რასაც Anadolu ავრცელებს.

ვიზის მიღება იმ უცხოელებს შეუძლიათ, რომლებიც ყაზახური კომპანიების საწესდებო კაპიტალში ან ადგილობრივ ფასიან ქაღალდებში, მინიმუმ, 300 000 დოლარის ინვესტიციას ჩადებენ.

განაცხადის წარდგენა ელექტრონული ფორმატით მოხდება.

საგარეო უწყების შეფასებით, პროგრამა საინვესტიციო მიმზიდველობის გაძლიერებასა და გრძელვადიანი ბიზნესპარტნიორობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად, ხოლო სქემა აშშ-ში, ევროკავშირში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და სინგაპურში არსებული სქემების ანალოგიურია.

სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ოქროს ვიზა“ უცხოელი ინვესტორებისთვის სამართლებრივ გარანტიებსა და პროგნოზირებადობას უზრუნველყოფს.

დოკუმენტი გამოქვეყნებიდან 10 დღის შემდეგ შევა ძალაში.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ