მთავრობას საწვავი შესყიდვა კიდევ გაუიაფდა - რა ღირს ერთი ლიტრი

მთავრობას საწვავის შესყიდვა კიდევ გაუიაფდა. ამჯერად, ფასები 8-დან 14 თეთრამდე შემცირდა. უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აპრილში გაფორმებული ხელშეკრულებით, მთავრობას მაისში 1 ლიტრი ბენზინი 8 თეთრით, ხოლო დიზელი 14 თეთრით ნაკლები დაუჯდება.

მთავრობას საწვავის შესყიდვა 14 თეთრამდე გაუიაფდა

კერძოდ, კონსოლიდირებული ტენდერის თანახმად, მთავრობა 1 ლიტრ სუპერის (ოქტანობა არანაკლებ 98) ტიპის საწვავს აპრილში 2.55 ლარად შეიძენს (მარტში 2.63 ლარი). ტენდერში გამარჯვებული „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაა“.

რაც შეეხება საწვავის სხვა ტიპებს, კონსოლიდირებული ტენდერის მიხედვით, მაისის კონტრაქტით, 1 ლიტრი პრემიუმ საწვავის ღირებულება 2.26 ლარია, აპრილში 2.34 ლარი იყო. აქ გამარჯვებული „რომპეტროლ საქართველოა“.

ამავე მონაცემების მიხედვით, ევრო რეგულარის ტიპის საწვავს კი, მთავრობა მაისში 2.24 ლარად შეიძენს, აპრილში 2.32 ლარი იყო. გამარჯვებული კომპანიას „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი წარმოადგენს.

რაც შეეხება ევროდიზელს (არაუმეტეს PPM 10), ფასი არსებულ მდგომარეობაში ერთ ლიტრზე 2.31 ლარია, (აპრილში 2.45 ლარი იყო), ტენდერში გამარჯვებული „სან პეტროლიუმ ჯორჯიაა“.

ცნობისთვის, იანვარში „პლატსის“ მიხედვით ბენზინის საშუალო ღირებულება ტონაზე 737.02 აშშ დოლარს, ხოლო დიზელზე 714.91 აშშ დოლარს შეადგენდა. თებერვალში - ბენზინის 726.55 დოლარი, ხოლო დიზელზე - 705.3 დოლარი იყო. მარტში ბენზინზე - 683.89 დოლარი, დიზელზე - 655.55 დოლარი. აპრილში კი „პლატსის“ მიხედვით ბენზინის ფასი 657.48 დოლარს, დიზელის კი 611.95 დოლარს შეადგენდა.

სულ 4 თვის განმავლობაში ბენზინის შესყიდვა საქართველოს (პლატსის მიხედვით) 10.8%-ით, დიზელის კი 14.4%-ით გაუიაფდა.