"რესტორნების ნაწილში, მეზობელი ქვეყნები ჩვენზე გაცილებით წინ არიან. სახინკლეები კი გვაქვს, მაგრამ გვაკლია საინტერესო გასტრონომიული რესტორნები",- ამის შესახებ "ასკანელის" დამფუძნებელმა გოჩა ჩხაიძემ, "პალიტრანიუსის" გადაცემაში "სანდრო ვეფხვაძე შენობით ბიზნესთან" განაცხადა.
ბიზნესმენმა ამის ძირითად მიზეზად მაღალი გადასახადები დაასახელა. მისი აზრით, იმისათვის, რომ ქვეყანას სტუმარი არ მოაკლდეს, ამ ინდუსტრიას ხელი უნდა შეუწყონ და დღგ შეამცირონ.
"ასკანელის" დამფუძნებელმა ასევე ისაუბრა, ღვინის ხარისხის სტაბილურობის მნიშვნელობაზე და ამ ნაწილში, ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის არსებობის აუცილებლობაზე.
"ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ინტერვიუს მცირე შემოკლებით.
ტრადიციული კითხვით დავიწყოთ - როგორ მიდის საქმეები?
ვცდილობ, რომ ბევრი არ ვილაპარაკო, მირჩევნია საქმე, ვიდრე ყვირილი. მოკლედ გეტყვით " ასკანელის" შესახებ. გასული წელი ძალიან პოზიტიურად ჩავხურეთ, ზრდა გვქონდა 17%-მდე, 19 000 000 ბოთლის წარმოება და რეალიზება შევძელით. მიდის ქარხნის მშენებლობა ბაკურციხეში, რომელიც იქნება ცალკე საბრენდე საწარმო. მოკლე დროში მოვახერხეთ ამ ქარხნის აშენება შარშან და პირველი რთველიც უკვე ჩავატარეთ. ეს არის ჩვენი მნიშვნელოვანი სიახლე. მიდის პროექტირება ფრანგი არქიტექტორის მიერ და ძალიან საინტერესო სივრცეებს ვქმნით, სადაც ტურისტებიც იპოვიან საინტერესო ამბავს ბრენდის წარმოებაზე. ვფიქრობ, საჭიროა ასეთი სივრცეების არსებობა. მთლიანად ვართ საქმეზე ორიენტირებული და გვაქვს სხვა სიახლეებიც, რასაც ნელ-ნელა შეიტყობთ.
სტუმარ-მასპინძლობის ნაწილზე მინდა გადავიდე. როგორც ვიცი, სასტუმრო "პულმანში" იხსნება ახალი რესტორანი...
დიახ. საინტერესო სივრცე იქნება თბილისისთვის. ზოგადად, დღეს ძალიან გვაკლია საინტერესო რესტორნები, იმიტომ, რომ არის პრობლემები, რომლებიც მოსაგვარებელია. ბოლო ექვს თვეში მომიწია ბაქოსა და ერევანში ყოფნა და ორივე ქვეყანა გვჯობია რესტორნების გასტრონომიის მხრივ. გაცილებით მეტი საინტერესო სივრცეები აქვთ სარესტორნო სივრცეში. საქართველოში სულ ფიქრობ, სად წაიყვანო სტუმარი.
რა გვაკლია? მომსახურების სერვისი, ხარისხი, ლოკაციები თუ უფრო კონკრეტულად რას გულისხმობთ?
ჩვენ გვაკლია საინტერესო გასტრონომიული რესტორნები. კარგი იტალიური რესტორანი არსებობს საქართველოში? არ ვგულისხმობ პიცერიებს. მიშელინამდე კი ძალიან შორს ვართ. მთავარი პრობლემა არის, რომ საქართველოში სარესტორნო ბიზნესი არის ძალიან დაბალ შემოსავლიანი. ძალიან ბევრი რესტორანი, ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ არის შავი ფულით. "თეთრი რესტორანი“, სამწუხაროდ, შემოსავალს არ იძლევა. პრობლემა არის დღგ, რომელიც ზემოდან აწვება და გადასახადები გამოდის უზარმაზარი. ბევრი პრობლემა შეექმნა ამ სფეროს მიტინგების გამო და ვიცი, რომ ბევრი რესტორანი იყიდება.
რესტორანი "ასკანელი", რომელიც ბათუმშია, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. მთლიანი ბრუნვიდან გადასახადებს ვიხდით 1.7 მილიონ ლარს. ინვესტიციის დაბრუნებას მოუნდა 8 წელი და შემოსავალი 2024 წელს აქვს მხოლოდ 600 000 ლარი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ ინდუსტრიას. თუ არ გაუხსენი სტუმარს რესტორნების დიდი პალიტრა, ტურისტი შედარებას გააკეთებს სხვა ქვეყნებთან და ვიჩაგრებით.
მაინტერესებს, თუკი ჩვენ გვაქვს გეზი აღებული, რომ ვიყოთ ტურისტული ჰაბი რეგიონში, მაშინ რატომ არ ხდება სტიმულირება რესტორნების? და ასევე მინდა გკითხოთ, როგორ უნდა გავათეთროთ ბაზარი?
არის ქვეყნები, სადაც დღგ არის 19-20%, მაგრამ რესტორნებისთვის არის გარკვეული რეგულაციები: არის 6 % და 7%-იანი. მე არ ვლაპარაკობ "მაკდონალდსზე". მას ეს არ სჭირდება, მაგრამ როდესაც ვლაპარაკობთ სხვა კულინარიაზე, რომელიც არის ავთენტური, ქართული, თუნდაც სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოები, იმას სჭირდება ხელშეწყობა, რომ ეს ბიზნესი გახდეს მომგებიანი. ჩვენ გაცილებით დაბალ დონეზე ვართ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით. საქართველოში სახინკლეები კი გვაქვს, მაგრამ სხვა რამეზე ვლაპარაკობ. თუ გვინდა, რომ ამ ქვეყანას სტუმარი არ მოაკლდეს, უნდა მიეცეს ამ სფეროს საშუალება, რომ შემოსავალი გაჩნდეს. თუ კანონი იქნება მიღებული, შავი ფულიც და აღარ იქნება.
საგადასახადო ნორმატივები, ნამდვილად გადასახედია. არის ცალკეული პრობლემებიც. ეს არის ადგილობრივი წარმოების დეფიციტი და მეორე, ეს არის ადამიანური კაპიტალის დეფიციტი. რამდენად მტკივნეულია ეს საკითხი შენთვის?
როდესაც ობიექტი შემოსავლიანია, უფრო მარტივად უხდი თანამშრომელს მაღალ ხელფასს. იმას სტიმული ეკარგება, რომ ქვეყნიდან წავიდეს. ეს ინდუსტრია უამრავ ადამიანს მოიცავს. გადინება ხდება იმიტომ, რომ ამ ინდუსტრიას უჭირს.მთავარია "გავათეთროთ" ეს ბიზნესი და ამას დღგ-ს შემცირება ნამდვილად დაეხმარება.
ნედლეულზე მინდა გკითხო. დარწმუნებული ვარ, შენც ხარ ამ გამოწვევის წინაშე. ადგილობრივი ფერმები ჯამში ხარისხიან პროდუქტებს აგენერირებენ, მაგრამ რაოდენობაში ვერ ეწევა, სამწუხაროდ. რესტორნების რაოდენობა გაცილებით მეტია და ხარისხიანი პროვაიდერების რაოდენობა გაცილებით მცირეა...
ეს ძალიან დიდი პრობლემაა. ჩვენ ყოველთვის გვქონდა იმდენი პროდუქტის გამომუშავების საშუალება, ჩემს ბავშვობაში, რომ ეს არამარტო აკმაყოფილებდა ქვეყანას, არამედ გადიოდა ექსპორტზე. სამწუხაროდ, დღეს პრობლემა გვაქვს. ადგილობრივი წარმოების ინდუსტრია არის საკმაოდ მცირე, იმასთან შედარებით რასაც მოიხმარს ჩვენი ქვეყანა. საჭიროა ამ დარგების სტიმულირება. ეს ორ-სამ წელში უნდა მოვაგვაროთ, არ არის რთული მოსაგვარებელი. მთავარი არ არის ფურცელზე წერო, ამან უნდა იმუშაოს.
საექსპორტო არეალზეც მინდა გკითხო.საერთო ჯამში, აქ როგორ ვპოზიციონერდებით?
ვიცი, რომ არის ინდუსტრიები, რომელიც ექსპორტთან დაკავშირებით, ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს. არის ინდუსტრიები, სადაც ძალიან გვიჭირს. სადღაც ხარისხის პრობლემაა, სადღაც რაოდენობის, მენეჯმენტის, სტაბილურობის. ყველა სფეროს სხვადასხვა მიდგომა სჭირდება, უნდა გავიგოთ კონკრეტული პრობლემა და შემდეგ გადაჭრის გზები მოვნახოთ.
რაც შეეხება ღვინოს. გვინდა, რომ ევროპაში გავყიდოთ მილიონობით ბოთლი, ეს ვის არ უნდა? მაგრამ ერთია, რომ დახლს არ გვაძლევენ. დიდ ქსელებში ქართულ ღვინოს არ აქვს დახლი. მოლაპარაკებები იწელება წლობით, მაგრამ რეზულტატი ვერავინ დადო. არავინ არ გველოდება და არავინ გვიღებს კარს. რა უნდა ვქნათ, რომ კარი გაგვიღონ? პირველ რიგში, ღვინის ხარისხის სტაბილურობა უნდა იყოს დაცული. არის დეგუსტაციის კომიტეტი, რომელიც ბევრ პრობლემას აგვარებს, მაგრამ უფრო მეტია საჭირო. ახლა კეთდება ლაბორატორიები გურჯაანში და თელავში. კარგად უნდა იყოს აღჭურვილი და როგორც ვიცი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამას ძალიან კარგად ახერხებს. კარგია, რომ ეს პრობლემა ჩაიხურება, რისთვისაც მეღვინეები ვიქნებით მადლობლები.
მარკეტინგზეც მინდა გკითხოთ. მაინტერესებს პოზიციონირება ქართული პროდუქციის. გვაქვს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები ევროპასთან, ჩინეთთან. იქ არის ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი მაჩვენებლები, ჩინეთში სტაბილურად 115% -იანი ზრდა გვაქვს…
ჩინეთში 115%-იანი ზრდა იყო პირველ წელს. ათი წლის მონაცემები რომ ავიღოთ, რაღაც პერიოდებში გვაქვს ზრდა და რაღაც პერიოდებში, პირიქით - ვარდნა, რადგან არასტაბილური ბაზარია. თუმცა, არიან კომპანიები, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს და ამას მივესალმები. მათმა შეუპოვრობამ მოახვედრა ქართული პროდუქცია ისეთ დახლებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს გზას უხსნის ბევრ კომპანიას. ფრანგებმა დაუწესეს ჩინეთს გადასახადი ავტომობილებზე, ჩინეთმაც დაუწესა გადასახადები ფრანგებს და ამან გააჩინა დეფიციტი. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ამ გადასახადებზე დამოკიდებული. უნდა ვიყოთ სტაბილურად მზარდი ინდუსტრია. ხვალ რომ მოიხსნას გადასახადები, შეიძლება კვლავ ვარდნა გვქონდეს. თუმცა, ჩინეთში, ზოგადად, იმატებს ღვინის მოხმარება და ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი, თუ დაიწყეს ღვინის სმა, ჩვენც გვეშველება.
ავტორი: თეონა თავაძე