„ყველაზე მარტივი მეთოდოლოგიითაც რომ დავთვალოთ, საარსებო მინიმუმი უნდა იყოს 2-ჯერ მეტი,“ - ამის შესახებ სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტის დამფუძნებელმა ბექა ნაცვლიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა.
მისი თქმით, დღეს დადგენილი საარსებო მინიმუმი არის არასწორი მეთოდოლოგიით დათვლილი, ძალით მანიპულირებული რიცხვი.
როგორც ბექა ნაცვლიშვილი განმარტავს, სხვა შემთხვევაში, ვერაფრით ახსნის ხელისუფლება, რომ პენსიონერს საარსებო მინიმუმზე დაბალი პენსია შეიძლება ჰქონდეს.
„საარსებო მინიმუმი ეს არის განზრახ მანიპულირებული ციფრი, გამომდინარე იქიდან, რომ თუ საარსებო მინიმუმს გაზრდი, მაშინ პენსიაც უნდა გაზარდო, რადგან ვერ ეტყვი პენსიონერს - შენ გაქვს საარსებო მინიმუმზე დაბალი პენსია, წარმოუდგენელია. შესაბამისად, ვერ დაასაბუთებ პენსიის მოცულობას. ეს არის არასწორი მეთოდოლოგიით დათვლილი, ძალით მანიპულირებული რიცხვი.
ყველაზე მარტივი მეთოდოლოგიითაც რომ დავითვალოთ, საარსებო მინიმუმი უნდა იყოს, მინიმუმ, 2-ჯერ მეტი. არსებობს უფრო მაღალი ინდიკატორებიც, მაგრამ რადგან აქ საუბარია იმაზე, რომ როგორღაც დათმოს ხელისუფლებამ (თუ ინტერესთა ჯგუფებმა), პირველ ეტაპზე შეიძლება ყველაზე მარტივი მეთოდოლოგიის გამოყენება, რომლის შემთხვევაშიც კი, საარსებო მინიმუმი 2-ჯერ უფრო მეტი უნდა იყოს.
ელემენტარულად, რომ შეხედოთ, რა კალორაჟით არის დათვლილი, სამომხმარებლო კალათა... წარმოიდგინეთ, საარსებო მინიმუმის 70%-ს საკვები წარმოადგენს, მხოლოდ 30% არის მოხმარების სხვა საშუალებები და საჭიროებები. ასეთი რამ, არსად არ ხდება. უნდა იყოს 50-50%-ზე. ასეთ შემთხვევაში კი, გამოვა, რომ საარსებო კალორაჟი უნდა გაიზარდოს, რომ მეტ-ნაკლებად, უფრო მისაღები იყოს და ადამიანი არ დაავადდეს. ამას თუ დაუმატებ 50%-ს სხვა საჭიროებებს, მივიღებთ, მინიმუმ, იმის გაორმაგებულ საარსებო მინიმუმს, ვიდრე გვაქვს დღეს“,- ამბობს ბექა ნაცვლიშვილი.
ცნობისთვის, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით (მონაცემები თვიურად აღარ ქვეყნდება), წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საარსებო მინიმუმი მხოლოდ 10.6 ლარით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით კი 2.2 ლარით შემცირდა.
„საქსტატის“ მიხედვით, გასული წლის დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 260.2 ლარი იყო, მაშინ როცა 2023 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 249.6 ლარს შეადგენდა, 2024 წლის ნოემბერში კი 262.4 ლარს.
რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, გასული წლის დეკემბერში 230.5 ლარით განისაზღვრა, ნოემბერში - 232.3 ლარით, ხოლო 2023 წლის დეკემბერში 221.1 ლარით.