პროექტებში, რომლებიც 2025 წელს სრულდება, ბინების 79% უკვე გაყიდულია, - ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, 2025 წლის მარტში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 078 შეადგინა, რაც წინა წლის მარტის გაყიდვებზე 2.9%-ით მეტია.
რაც შეეხება იანვარ-მარტს, კვლევის თანახმად, 2025 წლის პირველ კვარტალში, თბილისში სულ 9 286 ბინა გაიყიდა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამაც 671.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ წელს, 3 თვეში გაყიდული ბინების რაოდენობა, 2024 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე 1.1% -ით ნაკლებია.
„2025 წლის აპრილში, ჩვენ გავზარდეთ გამოკითხული კომპანიების რაოდენობა და ჩავატარეთ 20 სისტემური დეველოპერის გამოკითხვა, რომელიც მოიცავდა 90-ზე მეტ საცხოვრებელ პროექტს თბილისში (ჯამურად პირველადი ბაზრის დაახლოებით 40%-ს).
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, გამოიკვეთა, რომ 2025 წლის მარტში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 11.3%-ით შემცირდა, ხოლო გაყიდული ბინების ფართობი შემცირდა 6.3%-ით.
კლების ძირითადი გამომწვევი ფაქტორი შიდა პოლიტიკური არასტაბილურობის გამო ბაზარზე გაუარესებული სენტიმენტებია, რაც მყიდველებს მოთხოვნის გადავადებისკენ უბიძგებს.
პროექტებში, რომლებიც 2025 წელს სრულდება, ბინების 79% უკვე გაყიდულია. ამასთან, გაყიდვების უმეტესი ნაწილი დეველოპერების მიერ შეთავაზებულ შიდა განვადებაზე მოდის.
აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ისრაელის მოქალაქეების წილი გაყიდვებში და 2025 წლის პირველ კვარტალში ჯამური გაყიდვების 13% შეადგინა. ეს ტენდენცია დიდწილად განპირობებულია თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის საინვესტიციო მიმზიდველობით,“- ვკითხულობთ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაში.