"თბილისის ჰაერი მტვრითაა დაბინძურებული"

თბილისის ატმოსფერული ჰაერი ძირითადად მტვრით არის დაბინძურებული, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ ბაგრატიამ დღეს თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის განხორციელების მიზნით თბილისში სამი სტაციონარული ჯიხურია. ეს ჯიხურები განთავსებულია კვინიტაძის ქუჩაზე, წერეთლისა და მოსკოვის გამზირებზე. ბაგრატიას განცხადებით, ჰაერში ისაზღვრება ნახშირჟანგი, გოგირდის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდი, ოზონი და სხვა დამაბინძურებელი ინგრედიენტები.

"თბილისის ატმოსფერული ჰაერი ძირითადად მტვრით არის დაბინძურებული. 2015 წლის პირველ ნახევარში ჯიხურებზე აღებული მონაცემების მიხედვით, ანალიზების 81%-ში მტვრის რაოდენობა ნორმას აღემატებოდა. ეს ნიშნავს, რომ ანალიზების 81%-ში გვაქვს დაშვებულ ნორმაზე მეტი მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია", - აღნიშნა ბაგრატიამ.

მისივე თქმით, მტვრის შემცველობა ჰაერში მაღალია ქუთაისშიც და რუსთავშიც. ამასთან, ბაგრატიას განცხადებით, გარდა მტვრისა, თბილისის ჰაერში პერიოდულად აღინიშნება ნახშირჟანგის მომატებული კონცენტრაციებიც, რაც აღნიშნული ანალიზების 14%-ში დაფიქსირდა. საუბრისას ბაგრატიამ დასძინა, რომ მათ იაპონიის მთავრობა ეხმარება და მომავალ წელს თბილისში ჰაერის დაბინძურებაზე მონიტორინგის განსახორციელებლად ოთხი ავტომატური თანამედროვე სადგური ექნებათ, რითაც თბილისის ჰაერის მონიტორინგი უკეთესად განხორციელდება.