მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ამერიკელი ინვესტორი, უორენ ბაფეტი წლის ბოლომდე ჰოლდინგ Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას დატოვებს, რომელსაც ის 60 წლის განმავლობაში იკავებდა.
ამის შესახებ 94 წლის მულტიმილიარდერმა აქციონერთა ყოველწლიურ კრებაზე განაცხადა, რასაც Reuters ავრცელებს.
ბაფეტმა თავის შემცვლელად მოადგილეს, გრეგ აბელს გაუწია რეკომენდაცია, რომელიც კომპანიას დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში უხელმძღვანელებს. ბაფეტს ეჭვი არ ეპარება თავის არჩევაში და აცხადებს, რომ ჰოლდინგის გვერდით დარჩება და “შესაძლოა, ზოგიერთ სიტუაციაში სასარგებლოც იყოს,” რაც საბოლოოდ აბელზეა დამოკიდებული. ასევე, 2025 წლის შემდეგ კომპანიაში ბაფეტის როლს დირექტორთა საბჭოც განიხილავს.
Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის (Bloomberg Billionaires Index) მიხედვით, უორენ ბაფეტი მსოფლიოში მეხუთე უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონებაც 169 მლრდ დოლარად არის შეფასებული. აქედან დიდი წილი Berkshire Hathaway-ის აქციებში არის განთავსებული. მულტიმილიარდერი აცხადებს, რომ თავისი წილის გაყიდვას არ აპირებს და გარდაცვალების შემდეგ, თითქმის, მთელ პაკეტს საქველმოქმედო ტრასტს გადასცემს, რომელსაც მისი ქალიშვილი, სუზი, ასევე, ვაჟები, ჰოვარდი და პიტერი უხელმძღვანელებენ.
„ყველა აქციის შენარჩუნების გადაწყვეტილება ეკონომიკური ხასიათისაა, რადგან მჯერა, რომ Berkshire-ს გრეგ აბელის ხელმძღვანელობით უკეთესი პერპექტივა აქვს, ვიდრე ჩემი ხელმძღვანელობის დროს ჰქონდა,“ - ამბობს ბაფეტი.
თავის მხრივ, 62 წლის აბელი Berkshire-ის ვიცეთავმჯდომარის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებს. ის ბაფეტის სავარაუდო მემკვიდრედ 2021 წელს დაინიშნა.
ცნობისთვის: უორენ ბაფეტმა Berkshire Hathaway 1965 წელს შეიძინა, როცა ის ტექსტილის გაკოტრებული კომპანია იყო. მის ბაზაზე ჰოლდინგური კომპანია შეიქმნა, რომელიც ინვესტიციებითა და სადაზღვევო ბიზნესით დაკავდა. წლების განმავლობაში ბაფეტმა ჰოლდინგი 1.16 ტრლნ დოლარის ღირებულების კონგლომერატად აქცია, რომელსაც აშშ-ის ყველა ინდუსტრიაში აქვს წილები. ამჟამად Berkshire-ის პორტფელიო, დაახლოებით, 200 კომპანიას მოიცავს. მათ შორის არის Geico, BNSF, American Express, Bank of America, Apple, Chevron, Coca-Cola და სხვები.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ