"თავისუფალი დემოკრატები" ჰიბრიდული ძრავის ავტომობილებზე საგადასახადო შეღავათის დაწესების ინიციატივით გამოდიან

"თავისუფალი დემოკრატები" მმართველ გუნდს ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომობილების იმპორტიორთა აქციზისა და იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლების ინიციატივით მიმართავენ. საუბარია საგადასახადო შეღავათზე, რომელიც ამჟამად ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებზე ვრცელდება.

"საგადასახადო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს წარედგინა. როგორც დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს, მომზადებული პროექტი თავისი ხასიათით ეკოლოგიურია და გარემოს გაჯანსაღების მიზანს ემსახურება. მისივე თქმით, ინიციატივა ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებასაც უკავშირდება. "როცა ავტომობილების ტექდათვალიერება გაუქმებულია აბსოლუტურად პოპულისტური მიზნით, ასევე არის უსაშველო საცობები და სითბური აირების გამოფრქვევა კოლოსალურ მასშტაბებს აღწევს, კანონპროექტი საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანია", - აცხადებს ცაგარეიშვილი.

პროექტის განხილვას პარლამენტი სექტემბრიდან - საშემოდგომო სესიაზე დაიწყებს.