დუბაიში დაფუძნებული საოჯახო კომპანია, MBS Global Investments მალდივებზე ბლოკჩეინისა და ციფრულ აქტივების საერთაშორისო ფინანსური ცენტრის შესაქმნელად 8.8 მლრდ დოლარს ინვესტიციას განახორციელებს.
ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.
პროექტი კუნძულოვან ქვეყანას ვალის კრიზისის დაძლევაში უნდა დაეხმაროს, რომელიც 2025-2026 წლებში გაუარესდება.
მალდივის მთავრობამ და MBS-მა ერთობლივი საწარმოს შექმნის შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერეს. ცენტრი 800 000 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობზე დედაქალაქ მალეში განთავსდება და 6 500-მდე ადამიანს დაიტევს. ასევე, 16 000 სამუშაო ადგილს შექმნის. არსებული პროგნოზით, ცენტრი ოთხ წელიწადში ქვეყნის მშპ-ს სამჯერ გაზრდის და ყოველწლიურად 1 მლრდ დოლარზე მეტ შემოსავალს მოიტანს.
მალდივების ფინანსთა მინისტრ მუსა ზამირის განცხადებით, ვალი, რომელიც მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქვეყანამ უნდა გადაიხადოს, „ყველაზე დიდი გამოწვევაა,“ ხოლო აღნიშნული ინვესტიცია ტურიზმსა და თევზჭერაზე დამოკიდებულებისგან „დიდი ნახტომია.“
MBS 14 მლრდ დოლარის ღირებულების აქტივებს მართავს, ხოლო მისი მფლობელი კატარელი შეიხი, ნაიეფ ბინ იდ ალ-თანია. ოფისის ხელმძღვანელი, ნადიმ ჰუსეინი აცხადებს რომ „საჭირო ალიანსებითა და პარტნიორებით“ უკვე 4-5 მლრდ დოლარის ოდენობის ვალდებულება არის მიზიდული.
დუბაისა და მავრიკის კონკურენციის მიუხედავად, მალდივები პოლიტიკურ სტაბილურობასა და კარგ ლოგისტიკაზე, ასევე, ინდოეთისა და სპარსეთის ყურის ბაზრებთან სიახლოვეზე ამყარებს იმედს.
ცნობისთვის: იმის მიუხედავად, რომ მალდივებმა ინდოეთისგან 760 მლნ დოლარის მხარდაჭერა მიიღო, სარეიტინგო სააგენტო Moody's კუნძულოვან სახელმწიფოს დეფოლტის შესახებ აფრთხილებს, რასაც მომდევნო ორი წლის განმავლობაში 1.5 მლრდ დოლარზე მეტი ოდენობის ვალის გადახდისუუნარობის რისკი აჩენს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ