„ავტოიმპორტიორმა კომპანიებმა, ქართველები „გაწიეს გვერდზე” და  ეკონომიკიდან წლიურად, საშუალოდ, 200 მლნ დოლარი გაქრა“ - აბესაძე

„ქართულმა ავტოიმპორტიორმა კომპანიებმა ე.წ. აშშ-ს აუქციონის კოდები გასცეს ყაზახებზე, ყირგიზებზე, სომხებზე.. ქართველები „გაწიეს გვერდზე” და წლიურად, ქართული ეკონომიკიდან საშუალოდ, 200 მლნ დოლარი გაქრა,“- ამის შესახებ ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომისტი ოთო აბესაძე წერს.

ავტოიმპორტიორმა კომპანიებმა, ქართველები „გაწიეს გვერდზე”

„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა მთავრობამ და საშუალოდ, 100 000-მდე მოქმედ სამუშაო ადგილს და ეკონომიკიდან წლიურად, 200 მლნ დოლარს კარგავს. ბოლო 15 წლის განმავლობაში ავტომობილების იმპორტი, რეექსპორტი და ა.შ. საქართველოში ეკონომიკურ საქმიანობად ჩამოყალიბდა. „საქსტატის“ ბოლო 15 წლის მონაცემებით, ეს ბიზნესი არის პირველ ადგილზე ეკონომიკური პარამეტრებით. ეს სფერო მხოლოდ ავტომობილების იმპორტს ან რეექსპორტს არ აერთიანებს. აქ შედის ავტოხელოსნები, ავტონაწილები და უამრავი სხვა მასთან დაკავშირებული დეტალი.

საკმაოდ დიდი ფინანსური ნაკადი რჩებოდა საქართველოში რეექსპორტის დროს, როდესაც ქართველს ჩამოჰყავდა აშშ-ში აუქციონზე მოგებული მანქანა, ქართველები უტარებდნენ აღდგენით სამუშაოებს, ქართველებისგან ყიდულობდნენ ნაწილებს ანუ სრული სერვისი ტარდებოდა საქართველოში და მანქანა გადიოდა ექსპორტზე კავკასიის რეგიონში.

ახლა რა ხდება?! ქართულმა ავტოიმპორტიორმა კომპანიებმა ე.წ. აშშ-ს აუქციონის კოდები გასცეს ყაზახებზე, ყირგიზებზე, სომხებზე… ისინი თავად ახდენენ ავტომობილების იმპორტს, თავად გახსნეს ავტოსახელოსნოები ან პირდაპირ დაზიანებული მანქანები გაჰყავთ თავიანთ ქვეყნებში. მარტივად, რომ ავხსნათ, ქართველები „გაწიეს გვერდზე” და წლიურად, ქართული ეკონომიკიდან საშუალოდ, 200 მლნ დოლარი გაქრა.

აუცილებელია, საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ მოაწესრიგოს ეს სფერო და გაატაროს გარკვეული რეგულაციები არარეზიდენტი პირების ეკონომიკურ საქმიანობაზე. ეს თავხედური გადაწყვეტილება ავტოიმპორტიორების მხრიდან, ქვეყანას სანქციების რისკის წინაშე აყენებს,” – წერს ოთო აბესაძე.

მაგდა შენგელია