ბანკებში არარეზიდენტების დეპოზიტების 37% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის - როგორ ნაწილდება უცხოელების ანაბრები

ქართულ ბანკებში არარეზიდენტების დეპოზიტების 37% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის 2024 წლის ანგარიშში. ამავე ანგარიშის მიხედვით, 11%-იანი წილით მეორე ადგილზე ისრაელის მოქალაქეები არიან, ხოლო სამეულს 6%-ით უკრაინელები ხურავენ.

„წარმოშობის მიხედვით, არარეზიდენტების მთლიან დეპოზიტებში რუსეთის რეზიდენტების წილი 37 პროცენტს შეადგენს. ამავდროულად, ჯამურად ეს დეპოზიტები კვლავ დივერსიფიცირებულია, როგორც ქვეყნების, ისე დეპოზიტების ტიპების მიხედვით, რაც რისკიანობის კუთხით დადებითი ფაქტორია.

ამ ტიპის დაფინანსებაზე ჭარბი დამოკიდებულების პრევენციის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი არარეზიდენტებისგან მოზიდული დეპოზიტებისთვის დამატებითი ლიკვიდობის მოთხოვნას ინარჩუნებს. არარეზიდენტების დეპოზიტების მაღალი წილის მქონე ბანკებში დამატებითი ლიკვიდობის საჭიროება ამ ტიპის დეპოზიტების პორტფელის მოზიდვის სტიმულს ამცირებს“, - წერია სებ-ის ანგარიშში.

erovnuli-1746535993.jpg

ამავე ანგარიშის მიხედვით, არარეზიდენტი კლიენტების დეპოზიტების წილი მთლიან არასაბანკო დეპოზიტებში 2024 წლის განმავლობაში 0.4%-ით გაიზარდა და დეკემბრის ბოლოსთვის 18.3% შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ჯამურად, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ქართულ ბანკებში სულ განთავსებული იყო დაახლოებით 58.258 მლრდ ლარის დეპოზიტები, აქედან არარეზიდენტებზე მოდიოდა 10.661 მლრდ ლარის ანაბარი. თუ გავითვალისწინებთ არარეზიდენტებში რუსეთის მოქალაქეების 37%-იან წილს, გამოდის, რომ 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით რუსები ქართულ ბანკებში დაახლოებით 4 მლრდ ლარს ინახავდნენ.