CNBC-ის 2025 წლის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბების რეიტინგში „მადრიდის რეალი,“ „მანჩესტერ-იუნაიტედი“ და „ბარსელონა“ ლიდერობენ.
არხის რეიტინგი 25 კლუბისგან შედგება, რომელთაგან 11 ინგლისურია, მათ შორის კი სამი წამყვან ხუთეულშია. ეს ინგლისის პრემიერ-ლიგის ძვირადღირებული სატელევიზიო კონტრაქტებით არის განპირობებული, რომელთა ღირებულება წელიწადში, დაახლოებით, 4.4 მლრდ დოლარს შეადგენს.
სიაში შემავალი საფეხბურთო კლუბების საშუალო ღირებულება 2.76 მლრდ დოლარია. ეს ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის საშუალო ღირებულებაზე, ანუ 6.5 მლრდ დოლარზე, ასევე, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ღირებულებაზე, ანუ 4.7 მლრდ დოლარზე ნაკლებია. თუმცა ბეისბოლის მთავარი ლიგის (MLB) ღირებულებაზე, ანუ 2.6 მლრდ დოლარზე და ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) ღირებულებაზე, ანუ 1.9 მლრდ დოლარზე მეტია.
რეიტინგში შემავალი საფეხბურთო კლუბები წელიწადში, საშუალოდ, 520 მლნ დოლარის შემოსავალსა და 54 მლნ დოლარის EBITDA-ს, ანუ პროცენტების, გადასახადებისა და ამორტიზაციის დარიცხვამდე მოგებას გამოიმუშავებენ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ