„სესხებზე ექნებათ საშეღავათო პერიოდი, ვამუშავებთ ფინანსური დახმარების პაკეტს“ - კალაძე „ბორჯომის ვაგზალის“ მოვაჭრეებზე

„სესხებზე ექნებათ საშეღავათო პერიოდი, ვამუშავებთ ფინანსური დახმარების პაკეტს“ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ბორჯომის ვაგზალის“ ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„გასულ კვირას ხანძარი გაუჩნდა სადგურის მოედანთან არსებულ ერთ-ერთ ბაზრობას, რომლის შედეგადაც დაახლოებით, 400 ადამიანი დაზარალდა. მთლიანად არის განადგურებული პროდუქცია და ინფრასტრუქტურა. იმდენად მძიმე მდგომარეობაა რომ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახური ჯერ კიდევ აგრძელებს ადგილზე სამუშაოებს.

მერიამ მყისიერად დაიწყო კომუნიკაცია დაზარალებულ მოვაჭრეებთან, გაიმართა არაერთი შეხვედრა. პირველი, რაც მოვაჭრეებმა ითხოვეს დამწვარი ტერიტორიის დასუფთავება და კონსტრუქციების დემონტაჟი იყო, მერიამ საჭირო ხარჯები გამოყო და სადემონტაჟო და დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს ადგილზე.

ამასთან, მუნიციპალიტეტი ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც დაზარალებულებს გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გავუწევთ. ეს დახმარება იმის საპირწონე ვერ იქნება რა ზარალიც მიიღეს, მაგრამ იქნება მხარდაჭერა და გარკვეულწილად ხელს გაუმართავს საქმიანობის განსაახლებლად.

გარდა ამისა, ვინაიდან მოვაჭრეებს აღებული აქვთ ფინანსური ვალდებულებები ბანკებში, გვქონდა კომუნიკაცია მათთან, როგორც „საქართველოს ბანკთან“, ასევე „თიბისისთან“. მათი მხრიდან გამოთქმული იყო მზაობა ამ ადამიანების მხარდაჭერის და ვისაც აქვს ვალდებულებები ბანკებში, ექნებათ საშეღავათო პერიოდი. მინდა მადლობა გადავუხადო ორივე ბანკს,“ - აღნიშნა კალაძემ.