4 მლრდ დოლარზე მეტი - Credit Suisse მდიდარ ამერიკელ კლიენტებს საგადასახადო სამსახურისგან ფულის დამალვაში ეხმარებოდა

შვეიცარიულმა კომპანია Credit Suisse Services AG-მა შეთქმულებაში დანაშაულებრივი მონაწილეობა აღიარა, რომლის მიზანიც, მინიმუმ, 475 ოფშორული ანგარიშის მეშვეობით ამერიკელი გადამხდელების მიერ აშშ-ის შემოსავლების სამსახურისგან (IRS) 4 მლრდ დოლარზე მეტის დამალვა იყო.

ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში წერია, რომელიც უწყების ვებგვერდზე ვრცელდება.

შეთანხმების ფარგლებში Credit Suisse Services ჯარიმებისა და კომპენსაციის სახით 510 მლნ დოლარზე მეტის გადახდას დათანხმდა.

დანაშაულებრივი ქმედება 2010 წლის იანვრიდან 2021 წლის ივლისამდე გრძელდებოდა.

„Credit Suisse AG-მ, რომლის კლიენტებს შორის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული უკიდურესად მაღალი და მაღალი შეძლების პირები იყვნენ, შეთქმულებაში შევიდა თავის თანამშრომლებთან, აშშ-ის კლიენტებთან და სხვებთან, რომ შეგნებულად დახმარებოდნენ აშშ-ის მოქალაქეებს საკუთრების უფლების, ასევე, ბანკში შენახულ აქტივებსა და სახსრებზე კონტროლის დამალვაში,“ - წერია განცხადებაში.

ამ ამერიკელ კლიენტებს საშუალება მიეცათ, აშშ-ის საგადასახადო ვალდებულებებისგან სისტემატურად აერიდებინათ თავი.

2014 წლიდან 2023 წლის ივნისამდე უკანონო ქმედება, ასევე, Credit Suisse AG Singapore-ში განხორციელდა. მხარეებმა სინგაპურში განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით არასამართლებრივი დევნის შესახებ შეთანხმება (Non-Prosecution Agreement-NPA) გააფორმეს.

2024 წლის მაისში 168 წლის ბანკ Credit Suisse-მა ფინანსური პრობლემების გამო ცალკე ინსტიტუტის სახით არსებობა შეწყვიტა. Credit Suisse AG-ის ყველა უფლება და ვალდებულება, მათ შორის, გადაუხდელი სავალო ინსტრუმენტები კონკურენტ ბანკ UBS-ს გადაეცა.

ცნობისთვის: გასული წლის დეკემბერში აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „გენერალური ლიცენზია #116“ გამოსცა, რომელშიც წერია, რომ დაწესებული სანქციების შედეგად „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-სთან სინგაპურში დავის შედეგად მოგებულ თანხას საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) დამატებითი თანხმობის გარეშე ვერ მიიღებს. აკრძალვა სინგაპურის სასამართლოსთან დაკავშირებულ ნებისმიერ განაჩენსა და მის აღსრულებას, მათ შორის, ქონების გატანას, ტრანზაქციებსა და სხვა ტიპის გადახდებს ეხება.

Credit Suisse-ის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის მიყენებული ზიანი 743 მლნ დოლარს აღწევდა, თუმცა სინგაპურის საერთაშორისო კომერციულმა სასამართლომ აღნიშნული თანხა 461 მლნ დოლარამდე შეამცირა.

ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suisse-ს შორის სამართლებრივი დავა 2015 წელს დაიწყო. ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკში დაბანდებული თანხის ნაწილი Credit Suisse-ის სინგაპურის ფილიალის კონსულტანტ პატრის ლესკოდრონის ქმედებების გამო დაკარგა, რომელიც კლიენტების, მათ შორის, ივანიშვილის ანგარიშებიდან ფულს ფარულად ხსნიდა. ლესკოდრონი 2018 წელს თაღლითობისთვის გაასამართლეს, ხოლო 2019 წელს გაათავისუფლეს. თუმცა 2020 წელს მან თავი მოიკლა. ლესკოდრონმა აღიარა, რომ 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს თავისი გარიგებების ზარალს კლიენტების ფულის ხარჯზე ფარავდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ