რუსულ ელიტას იახტები კარიბიდან მალაიზიის დროშის ქვეშ გადააქვს

რუსული ელიტის ბევრმა დაუპატიმრებელმა იახტამ კარიბის ზღვის პორტების რეგისტრაცია შეიცვალა და მალაიზიის დროშაზე გადავიდა - ამის შესახებ ინფორმაციას The Moscow Times ავრცელებს.

ამ ქვეყნის დროშის ქვეშ ოთხი რუსი მილიარდერის გემი დაცურავს. ეს იახტებია: SUEK-ის დამფუძნებელ ანდრეი მელნიჩენკოს იახტა “A,” ვლადიმერ პოტანინის 88.5 მეტრ სიგრძის ”Nirvana,” ლეონიდ მიხელსონის “Pacific X” (85 მ) და VTB-ბანკის პრეზიდენტ ანდრეი კოსტინის ორი იახტა, “Sea Rhapsody” (65 მ) და “Serenity and Unity” (62 მ).

თუმცა ამ იახტებით მსოფლიოში მოგზაურობა შეზღუდულია და ისინი, ძირითადად, არაბეთის გაერთიანებული საემიროების პორტებში არიან გაჩერებული. ბოლოს იახტა ”A” მალდივის კუნძულებთან, “Pacific X” სამხრეთ აფრიკაში, ხოლო ანდრეი კოსტინის იახტები თურქეთის ქალაქ ბოდრუმთან ახლოს დაცურავდნენ.

მდიდარი რუსების უმეტესობამ თავიანთი იახტები ამერიკელებს მიჰყიდა. მაგალითად, 74-მეტრიანი იახტა “Casino Royale,” რომელიც ადრე “Universe”-ის სახელით იყო ცნობილი და რუსეთის ყოფილ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს უკავშირდებოდა, წელს დონალდ ტრამპის ყოფილმა პარტნიორმა და ავტომაგნატმა, ჯონ სტალუპიმ შეიძინა.

ასევე, გასულ წელს „გაზპრომის“ მსხვილმა კონტრაქტორმა, ზიად მანასირმა 90-მეტრიანი „Dar“ მილიარდერ რობერტ ფრიდლენდს მიჰყიდა, რომელიც კომპანია Ivanhoe Mines-ის მფლობელია.

2024 წლის მაისში საბურღი კომპანია “ევრაზიის” დამფუძნებელ ალექსანდრე ჯაფარიძემ თავისი იახტა “Come Together” კომპანია Zynga-ს დამფუძნებელს, Twitter-ისა და Facebook-ის ადრეულ ინვესტორ მარკ პინკუსს მიჰყიდა.

საბჭოთა “კაგებეს” ყოფილმა ოფიცერმა და “ნორნიკელის” ყოფილმა ხელმძღვანელმა, ვლადიმერ სტრჟალკოვსკიმ თავისი 65-მეტრიანი იახტა „Ragnar“ მილიარდერ როი კეროლს მიჰყიდა, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინაში მიწის ერთ-ერთი უდიდესი მესაკუთრეა.

იახტის თავისუფლად ფლობა ამჟამად მხოლოდ რამდენიმე რუსს შეუძლია, მაგრამ ისინი რუსეთში აღარ ცხოვრობენ. კერძოდ, ვენჩურული ინვესტორი, იური მილნერი იახტა “Andromeda”-ს, ყოფილი ბანკირი, ოლეგ ტინკოვი კი „La Dacha“-ს ფლობს. ასევე, 100-მეტრიანი იახტები, “Anna” და “TIS” კვლავ მონაკოში მცხოვრებ დიმიტრი რიბოლოვლევსა და ალექსეი ფედორიჩევს ეკუთვნით.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ