უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2015 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით 115.4 მლნ ლარით (0.8 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ივნისში სესხების მოცულობა 1.0 პროცენტით გაიზარდა) და 2015 წლის პირველი ივლისისათვის 14.7 მლრდ ლარი შეადგინა. აღნიშნულ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით,  ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 94.7 მლნ ლარით (1.8 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 210.1 მლნ ლარით (2.2 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 0.5 პროცენტით გაიზარდა).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2015 წლის ივნისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.7 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.2 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 5.6 მლრდ ლარის (2.4 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი. 2015 წლის ივნისის განმავლობაში 0.4 პროცენტით ანუ 25.7 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 6.8 მლრდ ლარი შეადგინა (თუმცა, გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ეს მაჩვენებელი ივნისში 0.9 პროცენტით გაიზარდა).

მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 36.31 პროცენტი, ხოლო ფიზიკური პირების სესხების ლარიზაციამ 53.60 პროცენტი შეადგინა. პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.29 პროცენტული პუნქტით, ხოლო ფიზიკური პირების სესხების ლარიზაცია 0.31 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.