7 მაისის მონაცემებით, Numbeo-ს რეიტინგში, მსოფლიოს 380 ქალაქს შორის, უსაფრთხოების ინდექსის მაჩვენებლით, თბილისი 44-ე ადგილზეა.
ჩვენი დედაქალაქის უსაფრთხოების ინდექსის კოეფიციენტი 74.3-ია, რაც მსოფლიოში - 44-ე, ხოლო ევროპაში, 149 ქალაქს შორის, 24-ე შედეგია. შესაბამისად, Numbeo-ს ამ რეიტინგით გამოდის, რომ თბილისი მსოფლიოს ტოპ-50 და ევროპის ტოპ-25 ყველაზე უსაფრთხო ქალაქის სიაშია.
განვმარტოთ, რომ უსაფრთხოების ინდექსი კომპოზიტური საზომია და ამ ფაქტორთა გათვალისწინებით გამოითვლება: დანაშაულის დონის ზოგადი აღქმა; უსაფრთხოების აღქმა დღისა და ღამის საათებში; ძარცვის, ქურდობის, მანქანის ქურდობის, ფიზიკური თავდასხმების, საზოგადოების შევიწროვების და მიკერძოებით მოტივირებული ინციდენტების მაჩვენებელი; ქონებასთან დაკავშირებული დანაშაულების სიმძიმე (ძარცვა, ქურდობა, ვანდალიზმი); ძალადობრივი დანაშაულის სიმძიმე (თავდასხმა, მკვლელობა, სექსუალური ძალადობა).
მსოფლიოს ყველაზე მაღალი უსაფრთხოების ინდექსის მქონე ქალაქი აბუ დაბია - 88.4; მეორე ადგილზე დოჰაა - 84.1; ხოლო მესამეზე ტაიპეი - 83.8.
რაც შეეხება ევროპას, იქ ჰააგა ლიდერობს - 79.5; მეორეზე მიუნხენია - 79.4; მესამეზე კი ტრონდჰეიმი - 79.3.