მარიამ ვალიშვილი: სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საქართველოში ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეფერხდება

აგვისტოში მილსადენებზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საქართველოში ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეფერხდება, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა იმ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომელის თანახმადაც, აგვისტოში ორ მილსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შესაძლოა, საქართველო გაზის გარეშე დარჩეს. როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მილსადენების რეაბილიტაცია ერთდროულად არ იგეგმება, ეს არის გეგმური სამუშაოები, რომელიც მრავალი წელია, ჩვეულებრივად ხორციელდება.

მისივე თქმით, სარებილიტაციო სამუშაოებისთვის აგვისტოს იმიტომ შეირჩა, რომ ამ დროს ბაზარზე ბუნებრივ აირზე დიდი მოთხოვნა არ არის.  "აგვისტო არის ნაკლებად მოხმარების, ბაზარზე არ არის ისეთი დიდი მოთხოვნა და შესაბამისად, გადანაწილება ხდება იმ სამი მილსადენის მეშვეობით, რომლითაც ვსარგებლობთ საქართველოში. "შაჰ-დენზის" სარებილიტაციო სამუშაოები 1-დან 20 აგვისტომდე გასტანს და მის ფუნქციას ყაზახის ძველი მილსადენი იტვირთებს, რომელიც აზერბაიჯანიდან მოდის. შემდეგ, როდესაც ყაზახის რემონტი დაიწყება, "შაჰ-დენიზი" ირთვება, ერთამენთს ენაცვლებიან. მილსადენი იცლება რამდენიმე დღის განმავლობაში და ივსება რამდენიმე დღის განმავლობაში, რასაც 2-3 დღე სჭირდება. თეორიულად ვამბობ - თუ რაღაც თანხვედრა მოხდა, დღის პიკის დაკმაყოფილებაში პრობლემა მაინც არ იქნება, რადგან ჩვენ მე-3 მილსადენი გვაქვს რუსეთიდან და ბუნებრივია, იქედან მოხდება შევსება", - განაცხადა ვალიშვილმა.

როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ამ კომბინაციით ყველას - გაზგასამართი სადგურების, კომერციული ობიექტების, მოსახლოების მოთხოვნა იქნება დაკმაყოფილებული.  "ეს ასე ხდებოდა წლების მანძილზე და შესაბამისად, არც ახლა არის გამონაკლისი", - აღნიშნა ვალიშვილმა.