"ნაცმოძრაობის" ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 128,000 ადამიანით შეამცირა

ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალურად დაუცველი პირების რაოდენობა 128,000 ადამიანით შეამცირა. როგორც "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, 2013 წლის იანვრიდან დღემდე საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 506,245-დან 377,971 მოქალაქემდე შემცირდა იმ დროს, როდესაც ივანიშვილის მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო სულ უფრო მეტი და მეტი ოჯახი ვარდება უკიდურეს სიღარიბეში. ამავე პერიოდში ჯანდაცვის სამინისტრომ საარსებო შემწეობა მოუხსნა 30,000 პენსიონერს, რომელთაგან ნახევარზე მეტი მარტოხელაა და უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

"მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა 2015 წლიდან, როდესაც დავით სერგეენკომ 2014 წლის დეკემბერში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალი მეთოდოლოგია შემოიღო. ახალი მეთოდოლოგიის შემოღების მიზეზად ჯანდაცვის მინისტრმა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის 10-ლარიანი დანამატის შემოღება დაასახელა. ივანიშვილის მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით გამოწვეული გაღარიბების ფონზე მთავრობამ ბავშვის 10-ლარიანი დანამატი ვეღარ შემოიღო. ახალი მეთოდოლოგიით ათიათასობით ოჯახის საარსებო შემწეობის გარეშე დატოვება კი გააგრძელა", - აცხადებენ პარტიაში.

მათივე თქმით, 2014 წლის იანვართან შედარებით, მთავრობა თვეში 4 მლნ ლარით ნაკლებს ხარჯავს გაჭირვებულ ადამიანებზე მაშინ, როდესაც თვეში 30 მლნ ლარით არის გაზრდილი ბიუროკრატიის ხელფასის, პრემიებისა და დანამატების ოდენობა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ მთავრობის სპეციალური დადგენილებით, საარსებო შემწეობა უნდა აღუდგეს სოციალურად დაუცველ ყველა ოჯახს, რომელიც დავით სერგეენკოს არასწორი მეთოდოლოგიის გამო უსახსროდ დარჩა", - განაცხადეს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში".