წელს ოჯახის ხარჯი 300 ლარით გაიზრდება

ლარის დევალვაციამ საქართველოს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე ნეგატიური გავლენა უკვე მოახდინა. საკვები და პირველადი მოხმარების პროდუქციის, მედიკამენტების თუ სხვა გადასახადების გაძვირების შედეგად ოჯახების ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზარდა. უახლოეს დღეებში მოიმატებს დენის ტარიფიც, რასაც სამომხმარებლო ბაზარზე ფასების ავტომატური ზრდა მოჰყვება. საბლოო ჯამში კი, ლარის გაუფასურების გამო, წლის განმავლობაში ერთი რიგითი ოჯახის ხარჯი მინიმუმ 300 ლარით გაიზრდება.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, 2015 წლის იანვრიდან დღემდე ეროვნული ვალუტა 20%-ით გაუფასურდა. თუ იანვარში ერთი ამერიკული დოლარი 1,8821 ლარი ღირდა, დღეს მისი ღირებულება 2,2558 ლარია. ლარის გაუფასურება ავტომატურად აისახა ინფლაციის მაჩვენებელზე. ერთ ჩვეულებრივ ოჯახს 7 თვის განმავლობაში თითქმის ყველაფერი გაუძვირდა: საკვები, პირველადი მოხმარების საგნები, ჰიგიენური საშუალებები, მედიკამენტები, საწვავი, ალკოჰოლური თუ არაალკოჰოლური სასმელი, ინტერნეტის გადასახადი. უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში მოსახლეობის 70%-ისთვის მოიმატებს ელექტროენერგიის ტარიფიც, შედეგად კი სამომხმარებლო ბაზარს გაძვირების ახალი ტალღა გადაუვლის, მეწარმეები კი პროდუქტის გაძვირებისთვის უკვე ემზადებიან. საფასო ცვლილება მოსალოდნელია საცხობებში, სასაწყობო მეურნეობებსა და გადამამუშავებელ ქარხნებში. დიდი ალბათობით, გაძვირდება ისეთი იმპორტირებული პროდუქტი, რომელსაც გარკვეული დროით შენახვა სჭირდება.

ფასების ზრდის წელი

ოფიციალური სტატისტიკა მართალია, ინფლაციას აფიქსირებს, მაგრამ ძალიან მცირე მასშტაბში. "საქსტატის" მონაცემებით, ივნისში წლიურმა ინფლაციამ 4,5% შეადგინა. ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ჯანმრთელობის დაცვაზე. რეალურად სავაჭრო ქსელში ფასი უფრო მეტადაა გაზრდილი, რადგან თითქმის ყველა სახის ნაწარმი გაძვირებულია. მაგალითად, ზეთზე ფასმა ბოლო თვეების განმავლობაში, საშუალოდ, 50 თეთრით მოიმატა, 20-30 თეთრით არის გაძვირებული შაქარი, წიწიბურა, ბურღულეული, მნიშვნელოვნად გაზრდილია ტკბილეულის, ყავის, ჰიგიენური და სარეცხი საშუალებების ფასი. სამედიცინო დაწესებულებებში კი მომსახურების ტარიფი, ხშირ შემთხვევაში, 50-60%-თაა მომატებული. მაგალითად, თუ ერთი წლის წინათ ოფთალმოლოგთან ვიზიტი 30 ლარი ღირდა, დღეს თვალის ექიმის კონსულტაცია, საშუალოდ, 50 ლარია, ანუ ზრდა არის თითქმის 67%. გარდა ამისა, მარტიდან მოყოლებული გაძვირდა ალკოჰოლური სასმელებიც, წლის განმავლობაში ორჯერ მოიმატა თამბაქოს ფასმა, რაც აქციზის გადასახადის ზრდას უკავშირდება. სულ ცოტა 20%-ით არის გაზრდილი არყისა და ლუდის ფასი. 10-20 თეთრითაა გაძვირებული "კოკა-კოლას" ყველა სახის პროდუქცია.

წლის განმავლობაში გაძვირდა ინტერნეტი და ინტერნეტ-ტელევიზიაც, რაც კომპანიებმა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობით და ლარის დევალვაციით ახსნეს. მარტიდან "სილქნეტის"  ახალი სატარიფო პოლიტიკით მომხმარებელს ("სილკ ოპტიკი") სტარტ პაკეტის ღირებულების 20 ლარის ნაცვლად, 26 ლარის გადახდა უწევს. იმავე პერიოდიდან ცვლილება შეეხო "სილქ ტვ"-საც, 15-ლარიანი სტანდარტული პაკეტი 20 ლარი გახდა, თემატური პაკეტების ღირებულებაც 5 ლარით გაიზარდა. ტარიფი გაზარდა "კავკასუს ონლაინმაც". კერძოდ, 2-დან 5 ლარამდე გაძვირდა როგორც ინტერნეტი, ისე ტელევიზიისა და ინსტალაციის საფასური. საბოლოო ჯამში, იმ ოჯახებს, ვისაც ინტერნეტი და ტელევიზია აქვთ, ყოველთვიური ხარჯი, საშუალოდ, 8-დან 15 ლარამდე მოემატა.

პირველი აგვისტოდან იზრდება ელექტროენერგიის ტარიფიც, რაც ქვეყანაში სოციალურ ფონს გააუარესებს. სემკის გადაწყვეტილებით, რეგიონების მომხმარებლისთვის დენის სამომხმარებლო ტარიფი თითქმის 3,95 თეთრით გაძვირდა. როგორც გაირკვა, მთავრობა მოსახლეობისთვის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებას აპირებს, თუმცა მხოლოდ სოციალურად დაუცველთათვის. დანარჩენი ოჯახები კი, ხელისუფლებამ ისევ თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა. მოსახლეობის დიფერენციას არც ახალი ხელისუფლება ერიდება და სოცდაუცველებს მუდმივად უფრო მეტ შეღავათებს უწესებს, ვიდრე დანარჩენ მოსახლეობას, რომელთა სოციალური მდგომარეობა და შემოსავალი, ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა, სოცდაუცველებისგან დიდად არ განსხვავდებოდეს.

აღსანიშნავია, რომ რეგიონების ანალოგიურად, ელექტროენერგიის ტარიფი დედაქალაქშიც გაიზრდება, თუმცა მხოლოდ 2-3 თვის შემდეგ, "თელასმა" ტარიფის კორექტირების მოთხოვნით სემეკს გასულ კვირას მიმართა. კომპანიამ გაძვირების საფუძვლად აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მკვეთრი ცვლილება, შესასყიდი ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდა დაასახელა.

ოჯახის ხარჯი მინიმუმ 300 ლარით გაიზრდება

ეროვნული ვალუტის გაუფასურების შედეგად ფასის ზრდა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მტკივნეულად იგრძნო. გაძვირებულმა პროდუქციამ კი ოჯახის ხარჯი ამ დროისათვის უკვე 100-120 ლარამდე გაზარდა. ლარის დევალვაცია უფრო მძიმე იმ დამიანებისთვისაა, ვისაც სესხი დოლარში, შემოსავალი კი ლარში აქვს. მათ ხარჯი, საშუალოდ, 200-250 ლარით და მეტით მოემატა. სპეციალისტების პროგნოზით, წლის ბოლოს ერთი შინამეურნეობის ხარჯი მინიმუმ 300 ლარით გაიზრდება, ხოლო ინფლაცია საპროგნოზო მაჩვენებელს გადააჭარბებს.

სტატისტიკოს სოსო არჩვაძის განცხადებით, საქართველოში პროდუქცია, განსაკუთრებით კი მედიკამენტები, ხშირ შემთხვევაში, ვალუტის კურსთან შედარებით უფრო მეტად იზრდება. შედეგად კი მოსახლეობის ხარჯიც მეტად მატულობს, ვიდრე ინფლაციის მაჩვენებელია.

"ლარის დევალვაციის შემდეგ პროდუქტი რეალურზე მეტად ძვირდება. ელექტროენერგიის გაძვირების შედეგად კი ფასები სხვადასხვა პროდუქციასა თუ მომსახურებაზე უფრო მეტად მოიმატებს, ანუ მივიღებთ ფასების მარაოსებურ ზრდას, როცა ეკონომიკის ერთ სექტორში ფასების მატება იწვევს თანდათნაობით, დომინოს პრინციპით სხვა მიმართულებით ზრდას. ზუსტად იმის თქმა, თუ რამდენი ლარით გაიზრდება წლის ბოლოს მოსახლეობის ხარჯი, რთული სათქმელია, თუმცა ამ მიმართულებით გარკვეული გათვლა მაინც შეიძლება გაკეთდეს. მოსახლეობის ხარჯები ნამდვილად მოიმატებს და ეს იქნება მინიმუმ 300 ლარი", -  განაცხადა "ბიზნეს-რეზონანსთან" საბურისას სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ.

ეკონომისტების ნაწილის პროგნოზით, ოჯახის ხარჯი წლის ბოლოს, საშუალოდ, 25%-ით გაიზრდება. სტატისტიკური მონაცემებით, 2014 წელს ერთი ოჯახის საშუალო ხარჯი 956,2 ლარი იყო. თუ ამას 25%-იან ზრდას, 240 ლარს დავუმატებთ, გამოვა, რომ მომავალ წელს ერთი შინამეურნეობის საშუალო თვიური ხარჯის გრაფაში სტატისტიკის სამსახური 956,2 ლარის ნაცვლად 1 1196 ლარს ჩაწერს.

ეკონომისტი რამაზ გერლიანი ამბობს, რომ წლის განმავლობაში ოჯახის ხარჯი 20-25%-ით მოიმატებს. ელექტროენერგიის ტარიფის ზრდით მივიღებთ ირიბ დანახარჯსაც, ანუ ამით მოიმატებს პროდუქციის თვითღირებულება. "ის, რომ რეალურად პროდუქციის ფასი გაიზრდება, ფაქტია. ვარაუდის დონეზე შეიძლება ვთქვათ, რომ წლის ბოლოს ოჯახის ხარჯი, შესაძლოა, 20-25%-ით გაიზარდოს. რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს, ახლა ჩვენ გვაქვს 4,5%-იანი ინფლაცია, ანუ მიზნობრივთან ძალიან ახლოს ვართ. თუ ფასები კიდევ მოიმატებს (რაც აუცილებლად მოხდება), მაშინ ინფლაციის მაჩვენებელიც მიზნობრივ 5%-ს გადააჭარბებს", - განაცხადა გერლიანმა.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"