მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობა ორ წელიწადში დასრულდება

მუნიციპალური განვითარების ფონდმა მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობა დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა გახსნეს.

პროექტის ფარგლებში გაკეთდება ახალი მეტროსადგური, კერძოდ ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მეტროსადგურ "უნივერსიტეტამდე". ასევე პროექტის განხორციელების შემდეგად "დელისისა" და "ვაჟა-ფშაველას" მეტროსადგურებს შორის მეორე გვირაბიც ამუშავდება. თბილისის მეტროპოლიტების 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა წლების განმავლობაში დაკონსერვებული პროექტი იყო. დედაქალაქის მეტროს მეორე ხაზის გაგრძელება "დელისის" სადგურიდან უნივერსიტეტის მიმართულებით 1985 წელს დაიწყო და 1993 წელს შეჩერდა. მშენებლობა 1998 წელს განახლდა და 2000 წლისთვის "ვაჟა-ფშაველას" სადგური გაიხსნა. "ვაჟა-ფშაველას" და "უნივერსიტეტის" სადგურებს შორის გვირაბები გაყვანილია, მაგრამ სამუშაოები ამ დრომდე დასრულებული არ არის. პროექტის განხორციელების შედეგად "დელისსა" და "ვაჟა-ფშაველას" მეტროსადგურებს შორის მეორე გვირაბიც ამუშავდება, ხოლო დედაქალაქში არსებულ 22 მეტროსადგურს 23-ე დაემატება.

ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ესპანურ-იტალიური ერთობლივი საწარმო "ასიგნია კობრა" ახორციელებს. მეტროსადგურის პროექტი ესპანურმა საკონსულტაციო კომპანია "ევროსტუდიამ" მოამზადა.  პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 83 000 670 ლარს შეადგენს. მეტროს მშენებლობა სამუშაოების დაწყებიდან 2 წელიწადში დასრულდება.