საფრანგეთი მოქალაქეობის მიღების წესს ამკაცრებს

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ბრუნო რეტაიომ წარადგინა ცირკულარი, რომელიც ქვეყნის მოქალაქეობის მიღების პირობებს ამკაცრებს. კერძოდ, ნატურალიზაციის პროცედურის გავლის მსურველთა კრიტერიუმები იგივე რჩება, თუმცა მათი შესრულება უფრო რთული იქნება - ამის შესახებ ინფორმაციას 34travel ავრცელებს.

საფრანგეთში სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრი თავისი დეკრეტით არის პასუხისმგებელი იმ უცხოელი მოქალაქეების ნატურალიზაციაზე, რომლებიც საფრანგეთში რამდენიმე წელია, ცხოვრობენ და მოქალაქეობის მიღება სურთ. მინისტრი, ასევე, პასუხისმგებელია მოქალაქეობის მინიჭებაზე ქორწინების შემთხვევაში ან საფრანგეთის მოქალაქესთან ნათესაური კავშირის საფუძველზე.

განახლებულ დოკუმენტში წერია, რომ ფრანგულ საზოგადოებაში მისაღებად განმცხადებელმა თავისი ინტეგრაცია უნდა აჩვენოს, კერძოდ, სრულად უნდა იცავდეს რესპუბლიკის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ღირებულებებს, პატივს სცემდეს კანონებს, მათ შორის, ნორმებს, რომლებიც ქვეყანაში უცხოელთა შესვლასა და ყოფნას არეგულირებს. ასევე, გრძელვადიანი ფინანსური თვითკმარობის დემონსტრირება შეძლოს.

ბრუნო რეტაიომ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საფრანგეთის მოქალაქეობის მსურველებს უნაკლო რეპუტაცია უნდა ჰქონდეთ. მან პრეფექტებს მოუწოდა, არ მიიღონ იმ უცხოელების განაცხადები, რომლებიც ადრე საფრანგეთში არალეგალურად იმყოფებოდნენ. ამასთან, მინისტრი საზოგადოებას შეახსენებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 21-27-ე მუხლების თანახმად, საფრანგეთის მოქალაქეობა არ შეიძლება, მიენიჭოს ტერორიზმისთვის მსჯავრდებულ პირებს და მათ, ვისაც თავისუფლების აღკვეთა ექვსთვიანი ან მეტი ვადით, პირობით ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე აქვს მისჯილი.

ქვეყანა, ასევე, B1-იდან B2-მდე ზრდის ფრანგული ენის ცოდნის მინიმალურ დონეს, რომელიც მოქალაქეობის მისაღებად არის საჭირო.

კიდევ ერთი სიახლე სავალდებულო სამოქალაქო გამოცდის (examen civique) ჩაბარებაა. ის როგორც მოქალაქეობის, ასევე, მრავალწლიანი ბინადრობის ნებართვის ან რეზიდენტის ბარათის მიღებაზე პირველადი განაცხადის შეტანისას იქნება საჭირო. გამოცდა საფრანგეთის რესპუბლიკის ისტორიის, კულტურისა და პრინციპების ცოდნას შეაფასებს.

ხელისუფლება, ასევე, შეამოწმებს, აქვს თუ არა განმცხადებელს სოციალური შეღავათებისგან დამოუკიდებლად სტაბილური და საკმარისი შემოსავალი. განსაკუთრებული ყურადღება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კანდიდატის პროფესიულ აქტივობას დაეთმობა. იმ პირთა განაცხადები, რომლებსაც ძირითადი შემოსავალი საზღვარგარეთიდან შესდით, როგორც წესი, უარყოფილ იქნება.

განახლებული პირობები 2026 წლის 1-ლი იანვრიდან შევა ძალაში.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ