გრივნის კურსის მთავარი ვალუტა დოლარის ნაცვლად ევრო იქნება. ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა, ანდრეი პიშნიმ Reuters-ს განუცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირში პოტენციური გაწევრიანება, ასევე, ევროკავშირის მზარდი როლი უკრაინის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფაში, გლობალურ ბაზრებზე მზარდი არასტაბილურობა და გლობალური ვაჭრობის ფრაგმენტაციის ალბათობა ეროვნულ ბანკს აიძულებს, ამ საკითხზე დაფიქრდეს.
პიშნი ამბობს, რომ აშშ დოლარში ტრანზაქციები სავალუტო ბაზრის ყველა სეგმენტში კვლავ დომინირებს, თუმცა უმეტეს სეგმენტში ევროში ტრანზაქციების წილი „ჯერჯერობით ზომიერად,“ მაგრამ იზრდება.
უკრაინა 1996 წლიდან, ანუ გრივნის შემოღების შემდეგ აშშ დოლარს მონეტარული პოლიტიკის მიზნებისთვის რეფერენტულ ვალუტად იყენებს.
2022 წლის თებერვალში, ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისთანავე უკრაინის ეროვნულმა ბანკმა სავალუტო შეზღუდვები დააწესა და ოფიციალურ კურსად დოლარზე 29 გრივნა დააფიქსირა. მოგვიანებით უკრაინა იძულებული გახდა, ფისკალური დისბალანსის დაგროვების გამო დევალვაცია მოეხდინა.
2023 წლის ოქტომბერში უკრაინა მკაცრი ფიქსაციიდან გაცვლითი კურსის მართვად მოქნილობაზე გადავიდა, რომელშიც მისაბმელ ვალუტად კვლავ აშშ დოლარს იყენებს.
2024 წლის დასაწყისში უკრაინის ეროვნულმა ბანკმა საჯაროდ პირველად დასვა საკითხი დოლარის ნაცვლად ევროზე გრივნის კურსის მიბმის შესახებ. შემდეგ მარეგულირებელმა განმარტა, რომ კლიენტების მიერ უნაღდო ვალუტის შეძენისას ტრანზაქციების წილი ევროში 50%-ს მიუახლოვდა და ბაზრის მონაწილეები ევროს მიმართ გრივნის საანგარიშო მნიშვნელობის ინდიკატორის გამოთვლას საჭიროებენ. ოქტომბერში უკრაინის ეროვნული ბანკი ამ ნაბიჯის პრაქტიკულ განხორციელებაზე გადავიდა, როცა გამოთვლებისადმი ახალი მიდგომისა და სავალუტო ბაზრის ინდიკატორების გამოქვეყნების პროექტი განსახილველად გამოიტანა.
ცნობისთვის: მიმდინარე წლის 2 იანვრიდან მოლდოვის ეროვნულმა ბანკმა მოლდოვური ლეისთვის ოფიციალური გაცვლითი კურსის დასადგენად აშშ დოლარის ნაცვლად საბაზისო ვალუტის სახით ევროს გამოყენება დაიწყო. ოფიციალური მონაცემებით, მოლდოვაში კომერციული ოპერაციების 60%-ზე მეტი და ფულადი გზავნილების 70%-ზე მეტი ევროში სრულდება. ეს ვალუტა ადგილობრივ სავალუტო ბაზარზე ყველაზე პოპულარულია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ