„ეს ამერიკისთვის დიდი პატივია“ - ტრამპმა ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევა მიულოცა

რომის ახალი, რიგით 267-ე, პაპი რობერტ პრევოსტი გახდა, რომლის სახელი, როგორც პაპის, ლეო XIV იქნება. იგი, მსოფლიოს მასშტაბით, 1.4 მლრდ კათოლიკეს წინამძღვარი და ისტორიაში პირველი ამერიკელი რომის პაპია.

ამ ფაქტს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა, ლეო XIV-ს მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს ამერიკისთვის დიდი პატივია.

„ვულოცავ კარდინალ რობერტ ფრანსის პრევოსტს, რომელიც ამიერიდან პაპის წოდებით მოიხსენიება. როგორი პატივია, როცა აანალიზებ, რომ იგი პირველი ამერიკელი პაპია. რა ამაღელვებელი და რა დიდი პატივია ჩვენი ქვეყნისთვის. ველოდები პაპ ლეო XIV-სთან შეხვედრას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იქნება“, - წერს ტრამპი.

რომის ახალი პაპი 1955 წლის 14 სექტემბერს, ჩიკაგოში დაიბადა. მათემატიკის ბაკალავრის დიპლომი პენსილვანიის ვილანოვას უნივერსიტეტში მიიღო, ხოლო თეოლოგიის დიპლომს ჩიკაგოს კათოლიკურ თეოლოგიურ კავშირში დაეუფლა. მოგვიანებით, რომის წმინდა თომა აკვინელის პონტიფიკალურ უნივერსიტეტში, კანონიკური სამართლის შესასწავლად გაგზავნეს და 1982 წელს მღვდლად აკურთხეს.

დეკადის განმავლობაში პერუს ქალაქ ტრუხილიოში მოღვაწეობდა და იქაურ სემინარიაში კანონიკურ სამართალს ასწავლიდა, შემდეგი კი, 2014-2023 წლებში, პერუს კიდევ ერთ ქალაქ ჩიკლაიოში ეპისკოპოსად მსახურობდა. 2015 წლიდან, ამერიკელობის პარალელურად, პერუს მოქალაქეობაც მიიღო.

ირაკლი ფოფხაძე