„მოსალოდნელია, რომ პაპ ფრანცისკეს რეფორმებს გააგრძელებს“ - CNN ახალ პაპზე

რომის პაპი რობერტ პრევოსტი გახდა, რომლის სახელი, როგორც პაპის, ლეო XIV იქნება. იგი, მსოფლიოს მასშტაბით, 1.4 მლრდ კათოლიკეს წინამძღვარი და ისტორიაში პირველი ამერიკელი რომის პაპი გახდა.

„მშვიდობა ყველა თქვენგანს! ეს არის ქრისტეს, კეთილი მწყემსის, რომელმაც სიცოცხლე ღმერთისთვის გასწირა, პირველი მოკითხვა. მინდა, რომ მშვიდობის ეს მოკითხვა ჩვენს გულებსა და ჩვენს ოჯახებში შემოვიდეს“, - ეს ლეო XIV-ის, როგორც პაპის, პირველი საჯარო კომენტარია, რომელიც წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან გააკეთა და მოედანზე შეკრებილ ხალხს მიმართა.

კათოლიკური ეკლესიის რიგით 267-ე წინამძღოლი 1955 წლის 14 სექტემბერს, ჩიკაგოში დაიბადა. მათემატიკის ბაკალავრის დიპლომი პენსილვანიის ვილანოვას უნივერსიტეტში მიიღო, ხოლო თეოლოგიის დიპლომს ჩიკაგოს კათოლიკურ თეოლოგიურ კავშირში დაეუფლა. მოგვიანებით, რომის წმინდა თომა აკვინელის პონტიფიკალურ უნივერსიტეტში, კანონიკური სამართლის შესასწავლად გაგზავნეს და 1982 წელს მღვდლად აკურთხეს.

დეკადის განმავლობაში პერუს ქალაქ ტრუხილიოში მოღვაწეობდა და იქაურ სემინარიაში კანონიკურ სამართალს ასწავლიდა, შემდეგი კი, 2014-2023 წლებში, პერუს კიდევ ერთ ქალაქ ჩიკლაიოში ეპისკოპოსად მსახურობდა. 2015 წლიდან, ამერიკელობის პარალელურად, პერუს მოქალაქეობაც მიიღო.

„გლობალური გამოცდილების მქონე ლიდერმა, კარიერის დიდი ნაწილი სამხრეთ ამერიკაში მისიონერად გაატარა და ბოლოს ვატიკანის ეპისკოპოსების დანიშვნის ძლიერ ოფისს ხელმძღვანელობდა. მოსალოდნელია, რომ პაპ ფრანცისკეს რეფორმებს გააგრძელებს“, - წერს პაპის შესახებ CNN.

აღსანიშნავია, რომ ლეო XIV-მდე, ბოლო პაპი ლეო, ლეო XIII გახლდათ - კათოლიკურ ეკლესიას 1878-1903 წლებში წინამძღოლობდა, რაც ისტორიაში მე-4 ყველაზე ხანგრძლივმოქმედი პაპის სტატუსს ანიჭებს.

ირაკლი ფოფხაძე