გასულ წელს, იძულებით ჯამში 936 უძრავი ქონება გასხვისდა, - ამის შესახებ სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ მომზადებულ კვლევაშია აღნიშნული.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, სტატისტიკური ინფორმაციის წყაროდ გამოყენებულია საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გასხვისებული ქონების სტატისტიკა. დოკუმენტის თანახმად, წარმოდგენილი მონაცემები მოიცავს თბილისისა და რეგიონული სააღსრულებო ბიუროების მიერ გასხვისებული ქონების სტატისტიკას.
„აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2015 წელს 1 433 ერთეული უძრავი ქონება იქნა იძულებით გასხვისებული, იგივე მაჩვენებელი 2024 წლისთვის განახევრდა და მისმა მნიშვნელობამ 936 ერთეული შეადგინა.
მოცემულ პოზიტიურ შედეგს გარკვეულწილად აუფასურებს შემდეგი გარემოება: 2015 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა აკრძალა არაკანონიერად დაკავებული უძრავი ქონებიდან ე.წ. საპოლიციო წესით გამოსახლება. აღნიშნულმა არსებითად გარდაქმნა სესხის უძრავი ქონებით უზრუნველყოფის პრაქტიკა, რადგან სესხის გამცემმა წინასწარ იცის, რომ სასესხო ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს არსებული პრაქტიკით რამდენიმეწლიანი სასამართლო დავის წარმოება საიმისოდ, რომ ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი შესაბამისი უძრავი ქონება გამოთავისუფლებული სახით ჩაბარდეს.
საკანონმდებლო ინიციატივის გამოჩენისთანავე იკვეთებოდა საფრთხეები მრავალი მიმართულებით. გარდა იმისა, რომ აღნიშნულის გამო უძრავი ქონება, როგორც აქტივი, რომლის გამოყენება სესხის უზრუნველყოფად შეიძლება, ღირებულებას კარგავს, არსებობდა რისკები, რომ შედარებით მაღალი რისკის მქონე სასესხო ხელშეკრულებები ფორმალურიდან არაფორმალურ ბაზარზე გადაინაცვლებდა.
ლოგიკურად, საფინანსო სექტორის ფორმალური წარმომადგენლები მოერიდებიან სარისკო სასესხო ხელშეკრულების დადებას მაშინაც კი, თუ იგი სრულად უზრუნველყოფილია გარკვეული უძრავი ქონებით. სარისკო ხელშეკრულებების დადების თავიდან აცილება შეიძლება გარკვეული დაინტერესებული მხარეების მხრიდან პოზიტიურად შეფასდეს, თუმცა არაფორმალური სასესხო ბაზრის უხილაობისა და სარისკო ხელშეკრულებების არდადების საბოლოო შედეგის გაურკვევლობის გამო, რთულია რეგულირების საბოლოო გავლენის შეფასება,“ - ნათქვამია კვლევაში.
იხილეთ ამავე თემაზე: „ჭარბვალიანობის პრობლემა მკვეთრად გამწვავდა - 10 წელიწადში ერთ პირზე გაანგარიშებული სესხის საშუალო ოდენობა 4-ჯერ გაიზარდა“