“ერთ სათამაშოსაც ვერ გაყიდის აშშ-ში” - ტრამპი Barbie-ის მწარმოებელს 100%-იანი ტარიფებით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სათამაშოების მწარმოებელ Mattel-ს, Hot Wheels-ს, Uno-ს, American Girl-ს და სხვა კომპანიებს იმის გამო დასჯის, რომ აშშ-ში წარმოების გადატანაზე უარს ამბობენ.

ინფორმაციას The Independent ავრცელებს.

კერძოდ, Barbie-ს ბრენდით ცნობილ Mattel-ს ტრამპი მის საქონელზე 100%-იანი ტარიფებით ემუქრება. კომპანიას ჩინეთიდან აშშ-ში სათამაშოების წარმოების გადატანა არ სურს, თუმცა სხვა ქვეყნებში რელოკაციას გეგმავს. მაგალითა, წელს Mattel თავისი 500 სათამაშოს წარმოებას ჩინეთიდან ინდოეთსა და სხვა ქვეყნებში გადაიტანს.

კომპანიის მმართველი და აღმასრულებელი დირექტორი, ინონ კრეიცი ამას იმით ხსნის, რომ აშშ-ში თუნდაც ამერიკელი მომხმარებლებისთვის სათამაშოების წარმოების ხარჯი მეტად დიდია.

ამის საპასუხოდ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 100%-იანი ტარიფების დაწესების შემდეგ Mattel “ერთ სათამაშოსაც კი ვერ გაყიდის აშშ-ში, რომელიც კომპანიის უდიდესი ბაზარია.”

თავის მხრვ, ინონ კრეიცი ამბობს, რომ აშშ არის ადგილი, სადაც სათამაშოები იქმნება, ასევე, პროდუქტის დიზაინი და ბრენდის მართვა ხდება, ხოლო სათამაშოების საზღვარგარეთ წარმოება მაღალი ხარისხისა და ხელმისაწვდომი პროდუქტის შექმნის საშუალებას იძლევა.

The Independent-ის შეფასებით, ტრამპის მთავარი მიზანი აშშ-ში წარმოების დაბრუნებაა, ხოლო Mattel-ის ნაბიჯებში პრეზიდენტი გარიგების მიღწევის მცდელობას ხედავს.

Mattel სათამაშოებს შვიდ ქვეყანაში აწარმოებს, ხოლო მის მიერ აშშ-ის ბაზარზე იმპორტირებული სათამაშოების, დაახლოებით, 20% ჩინეთიდან მოდის. წელს კომპანია წარმოებაში ჩინეთის წილის 40%-ზე ნაკლებ დონემდე შემცირებას გეგმავს, მაშინ, როცა ამჟამინდელი საშუალო მაჩვენებელი, დაახლოებით, 80%-ია. ასევე, არსებული გეგმით, მომავალ წელს ეს მაჩვენებელი 15%-მდე, ხოლო 2027 წელს საბოლოოდ 10%-მდე ან უფრო მეტად შემცირდება.

Mattel თავისი პროდუქციის 40-50%-ის ღირებულებას 20 დოლარზე ან უფრო დაბალ ფასად შეინარჩუნებს, თუმცა აშშ-ში ზოგიერთი ფასი შესაძლოა, გაზარდოს. მაგალითად, Telsey Advisory Group-ის ანალიზის თანახმად, აპრილის შუა რიცხვებში Target-ის მაღაზიებში საცურაოკოსტუმიაინი Barbie-ის თოჯინა ერთ კვირაში 42.9%-ით, 14.99 დოლარამდე გაძვირდა.

Mattel-ის ფინანსური დირექტორი, ენტონი დი-სილვესტრო აცხადებს, რომ ტარიფები კომპანიას წელს, დაახლოებით, 270 მლნ დოლარი დაუჯდება, ხოლო 2025 წლის სრულ პროგნოზზე ბაზრის არასტაბილურობის გამო Mattel, სხვა მრავალი კომპანიის მსგავსად, დროებით უარს ამბობს.

ცნობისთვის: აშშ-ის სათამაშოების ასოციაციის (Toy Association) მონაცემებით, ქვეყანაში გაყიდული სათამაშოების, თითქმის, 80% ჩინეთში არის დამზადებული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ