„ეს არის უსამართლო ტყუილებზე აგებული აქტი“ - ასე შეაფასა საქართველოს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „მონეტიზაცია“ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული „MEGOBARI აქტი“. ყოფილი მინისტრის თქმით, „MEGOBARI აქტში“ არის ჩაწერილი ისეთი რამ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
„MEGOBARI აქტი ძალიან ცუდია ჩენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის, ქართულ-ამერიკული ურთიერთობისთვის და ასევე ოპოზიციისთვის. ზიანდება რეპუტაცია, რაც აისახება ინვესტიციებზე, დონორ ბანკებზე.
ამ აქტში სამწუხაროდ, არის ჩაწერილი ისეთი რამ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მაგალითად, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, თითქოს ამერიკელ ინვესტორებს არ მისცა ხელისუფლებამ საშუალება ტენდერში მონაწილეობისთვის და მოიწვიეს ჩინელი ინვესტორები. ამ საკითხს შიგნიდან ვიცნობ და არის სიცრუე. ინვესტორის მოზიდვა ძალიან ჭირდა, რადგან კომერციული ინტერესი მათთვის იყო დაბალი. აქ იყო ბიზნეს-ინტერესები და არაფერ შუაშია პოლიტიკა“, - განაცხადა ექს-მინისტრმა.
მისი თქმით, ასევე ამ აქტში წერია, რომ აქციების დროს დაკავებული ყველა არის პოლიტპატიმარი, რაც, მისი თქმით, ასევე სიცრუეა.
„ეს არის უსამართლო ტყუილებზე აგებული აქტი“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი მიმდინარე კვირას დაუჭირა. კანონპროექტს, სახელწოდებით - „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 42-მა მისცა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცების შემდეგ კი „MEGOBARI აქტი“ ოფიციალურად სენატს გადაეცა. შესაბამისი ცვლილებები სენატის განრიგში იქნა შეტანილი. კანონპროექტი სენატის ოფიციალური კალენდრის “ზოგადი საკითხების” სექციაში 6 მაისს იქნა დამატებული სათაურით - “აქტი, რომ საქართველოში წინააღმდეგობა გაეწიოს ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანული რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენას”.
ახლა კანონპროექტი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.
შეგახსენებთ, რომ „MEGOBARI აქტი“ გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა, მიმდინარე წელს კი 119-ე მოწვევის კონგრესში ხელახლა წარადგინა კონგრესმენ სტივ კოენთან [დემოკრატიული პარტია], კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონთან [რესპუბლიკური პარტია] და კონგრესმენ მარკ უიზისთან [დემოკრატიული პარტია] ერთად. კონგრესმენების განცხადებით, „MEGOBARI აქტი“ ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და სხვა საკითხებთან ერთად, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის, საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.