„აპრილის ბოლოდან მწიფდება, ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნეს კულტურაა“ - როგორია ცხრატყავას ბიზნეს პერსპექტივები საქართველოში

„ჰექტარზე, 50-70 ათასი ლარის ინვესტიციით, 150-250 ათასი ლარის შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი“, - ამბობს, „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას, კენკროვან კულტურა ცხრატყავას ბიზნეს პერსპექტივის შესახებ, საქართველოს აგრარული გაერთიანების დამფუძნებელი, ვალერი გორგიშელი.

ფერმერი ამ კენკრის გაშენების სპეციფიკაზეც საუბრობს და ხაზს უსვამს იმ დეტალებს, რომლებიც პროცესში გასათვალისწინებელია.

„ზოგადად, რიგთა შორის მანძილი 3 მეტრი უნდა იყოს, ხოლო თავად მცენარეებს შორის: 70, 80, 100 სმ. - კონკრეტული დაშორება ჯიშების მიხედვით განისაზღვრება. ასევე, არსებობს ჯიშები, რომლებიც 2.5 მ x 70 სმ.-ზე ირგვება. ჰექტარზე 3 300-დან 5 600-მდე ნერგის გაშენებაა შესაძლებელი, რაც 50 000-დან 70 000 ლარამდე ჯდება - მიხვდებოდით, რომ დამოკიდებულია იმაზე, რა ჯიშებს და როგორი გადანაწილებით გააშენებ. აქვე დავამატებდი, რომ, რენტაბელურობის მხრივ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შესაბამისი ჯიშების გაშენებაა რეკომენდებული, რაზეც ჩვენ ნამუშევარი გვაქვს და საჭირო რჩევა-დარიგებების გაცემაც შეგვიძლია“.

გორგიშელის თქმით, ცხრატყავას დიდი ბიზნეს პერსპექტივები აქვს და კომერციული კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო კულტურაა, რასაც მისი თვისებები, ნაყოფის მომწიფების პერიოდი და ფასი განაპირობებს.

„ბიზნესისთვის ერთ-ერთი საუკეთესო კულტურაა, რასაც მისი მოსავლის აღების პერიოდი, ვიტამინების შემცველობა და, აქედან გამომდინარე, ღირებულება განაპირობებს. აპრილის ბოლოდან მაისის შუა რიცხვებამდე მწიფდება, რა დროსაც პრაქტიკულად არც ერთი სხვა ახალი ხილი შემოსული არაა და ლოგიკურია, ფასიც მაღალი აქვს - უშუალოდ ჩვენთან შემოსული შეკვეთების გათვალისწინებით, გეტყვით, რომ ამჟამინდელი ჩასაბარებელი ფასი 30 ლარს აჭარბებს.

რაც შეეხება რეალიზაციის პროცესს, ერთადერთი სირთულე ისაა, რომ საკმაოდ თხელკანიანი ნაყოფია და შესაბამისი პირობებით ტრანსპორტირება სჭირდება. ჩვენთან მთავარი შემაფერხებელი მაინც, ამ კლუტურის მიმართ, ცნობიერების დაბალი დონეა - როგორც კი ხალხი მის კარგად შესწავლას დაიწყებს, დარწმუნებული ვარ, უდიდესი შედეგების მიღწევა იქნება შესაძლებელი, რადგან მოთხოვნა დიდია და გაყიდვა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

რომ შევაჯამოთ: ჰექტარზე 50-70 ათასი ლარის ინვესტიციით, როცა ბაღი სრულ მსხმოიარობაში შევა, 150 000-დან 250 000 ლარამდე შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი“, - ამბობს გორგიშელი „ბიზნესპრესნიუსთან“.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ - ცხრატყავას თვისებები და სპეციფიკა

ირაკლი ფოფხაძე