„ამ თაობას რესურსი არ გააჩნია - შობადობის ზრდას ორი თაობა მაინც სჭირდება“ - დემოგრაფი

„შობადობის მაჩვენებლის ზრდას ათწლეულებშიც კი შეუძლებელია, ამას ორი თაობა მაინც სჭირდება,“ - ამის შესახებ დემოგრაფმა გიორგი მელაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„ის, რაც დემოგრაფიულ სისტემაში გლობალურად ხდება, აუცილებლად მოხდება საქართველოშიც. აქ ამ პრობლემას ერთი მიზეზი ემატება - აქ შობადობის კლება დღეს და გუშინ არ დაწყებულა, განსაკუთრებით ტრაგიკული იყო 90-იანი წლები, როდესაც მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა და დღეს ზუსტად ის თაობაა რეპროდუქციულ ასაკში, რომლებიც 90-იანი წლების მეორე ნახევარში დაიბადნენ,“ - აღნიშნა დემოგრაფმა.

მისი თქმით, მკვეთრად არის შემცირებული რეპროდუქციული ასაკის მქონე ქალების რაოდენობაც.

„1994 წელს საქართველოში 15-დან 49 წლის ჩათვლით რეპროდუქციული ასაკის ქალების რაოდენობა იყო 1.234 მლნ, მაშინ,როდესაც 2024 წლის მონაცემებით, ეს რიცხვი 823 ათასია. ამ თაობას რესურსი არ გააჩნია და ამიტომაც მცირდება შობადობა,“ - განაცხადა მელაძემ.

გადაცემაში მონაწილეობისას დემოგრაფმა ისაუბრა თუ რა შემთხვევაში მოიმატებს საქართველოში შობადობა.

„შობადობის მაჩვენებლის ზრდა ათწლეულებშიც კი შეუძლებელია, ამას ორი თაობა მაინც სჭირდება. ამასთან, შობადობის ზრდა წარმოუდგენელია ტრადიციული კულტურის გარეშე. თანამედროვე სამყაროში კი მიმდინარეობს დაპირისპირება ახალ და ტრადიციულ კულტურას შორის. საქართველოში შობადობა რომ გაიზარდოს, ზოგადმა კოეფიციენტმა და უნდა მოიმატოს 30-32 პრომილემდე, დღეს ეს მაჩვენებელი 10-11 პრომილეა,“ - განაცხადა მან გადაცემა „საქმეში“.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში 39 483 ბავშვი დაიბადა, 43 971 ადამიანი კი გარდაიცვალა. შესაბამისად, საქართველოში უარყოფითი ბუნებრივი მატება 4 488 ერთეულით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ დაბადებულთა რაოდენობა 1994 წლიდან მოყოლებული ასეთი დაბალი არ ყოფილა და 40 ათასიან ნიშნულსაც პირველად ჩამოსცდა.

ეკა დარჩიაშვილი