ქართული ღვინის ექსპორტი 44%-ით შემცირდა. კერძოდ, 2025 წლის იანვარ-მარტში ექსპორტზე გავიდა 16 530 ტონა ღვინო ჯამში 49.6 მლნ დოლარის ღირებულების, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 29 703 ტონა (სულ 83.2 მლნ დოლარის).
წელსაც, ისევე როგორც წინა პერიოდებში, ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთი იყო. კერძოდ, იანვარ-მარტში რუსეთის წილი ღვინის ექსპორტში თითქმის 59%-ს შეადგენდა. სავარაუდოდ, წელს ქართული ღვინის ექსპორტის შემცირება გამოწვეული იყო სწორედ რუსეთში ექსპორტის თითქმის, 60%-იანი ვარდნით.
უფრო დეტალურად, 2025 წლის სამ თვეში რუსეთში ექსპორტზე გავიდა 9 698 ტონა ღვინო, რომლის ღირებულებამაც 27.6 მილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო 2024 წლის იმავე პერიოდში 65 მილიონი დოლარის ღირებულების 24 091 ტონა ღვინო იყო ექსპორტირებული.
„ბიზნესპრესნიუსთან“ ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტი ვახტანგ ბეჟიტაშვილი ამბობს, რომ ქართული ღვინის ექსპორტის შემცირება რუსეთში შესაძლოა, ორ ფაქტორს უკავშირდებოდეს. აქედან ერთ-ერთია მარაგების შექმნა.
უფრო კონკრეტულად, საუბარია ტარიფებზე, რომელიც რუსეთმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ 2023 წლიდან დააწესა, მას შემდეგ რამდენჯერმე გაზარდა და ამჟამინდელი მდგომარეობით 25%-ის ფარგლებშია. აღნიშნული ტარიფების გამო, რუსეთში 2025 წლის პირველ კვარტალში „არამეგობრული ქვეყნებიდან“ ღვინის იმპორტი 51%-ით შემცირდა.
ამჟამად საქართველოსთვის ეს ტარიფები არ მოქმედებს, მაგრამ ბეჟიტაშვილის თქმით, დაწესებული ტარიფების გამო, შესაძლოა, რუსმა იმპორტიორებმა წინა წელს მარაგები შეიქმნეს, წელს კი იმ რაოდენობის ღვინო აღარ გავიდა ჩვენგან ექსპორტზე, რაც წინა პერიოდებში.
„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენი მეღვინეების უდიდესი ნაწილისთვის მთავარი ბაზარი არის რუსეთი და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, ექსპორტის შემცირება შეიძლება უკავშირდებოდეს გარკვეული მარაგების შექმნას. კერძოდ, რადგან რუსეთს შემოღებული აქვს გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში ტარიფები „არამეგობრული ქვეყნებისთვის“, შესაძლოა, წინა წელს რუსეთის იმპორტიორებმა მარაგები შექმნეს“, - აღნიშნავს ასოციაციის პრეზიდენტი.
ამასთან, ბეჟიტაშვილი არ გამორიცხავს, რომ ღვინის ექსპორტის შემცირება დაკავშირებული იყოს რუსეთში ეკონომიკური პრობლემების გამო, მოთხოვნისა და მოხმარების შემცირებით, ან ორივე ფაქტორის ერთად გათვალისწინებით.
„შესაძლებელია განხილულ იყოს ის ფაქტორიც, რომ რუსეთის ფედერაციის ეკონომიკა უფრო დიდ მარწუხებშია, მათი გადახდისუნარიანობა და მატერიალური კეთილდღეობა მთლად კარგ მდგომარეობაში არ არის; ღვინო წარმოადგენს ერთ-ერთ ფუფუნების საგანს და სავარაუდოდ, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს შესაძლოა, შეუმცირდა მოხმარება.
შესაძლოა, ორივე ეფექტი თან დაერთო ერთმანეთს - ერთი რომ, ჰქონდათ მარაგები და მეორე ის, რომ გადახდისუნარინაობიდან გამომდინარე მოთხოვნა შეუმცირდათ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ქართული ღვინო არის ერთ-ერთი (ყველაზე იაფი თუ არა) იაფი ღვინო რუსეთის ბაზარზე, შესაბამისად, ნაკლებად მოსალოდნელია ეს უკანასკნელი შემთხვევა. უფრო სავარაუდოა რომ მარაგებს უკავშირდება“, - განაცხადა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.