თბილისში აშშ-ის საელჩომდე მსვლელობა - „მადლობა მეგობარს“ მიმდინარეობს

თბილისში, მოქალაქეები ახმეტელის მეტროსადგურიდან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომდე მსვლელობას სახელწოდებით - „მადლობა მეგობარს“ მართავენ.

მსვლელობის მონაწილეები ამერიკის საელჩოს საქართველოში მადლობას უხდიან იმისთვის, რომ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში - წარმომადგენელთა პალატაში - „MEGOBARI აქტის” დამტკიცების შემდეგ, კანონპროექტი კონგრესის ზედა პალატას - სენატს გადაეცა.

როგორც მარშის მონაწილეები აცხადებენ, „MEGOBARI აქტი” საქართველოს მოსახლეობის მხარდამჭერი დოკუმენტია.

ამასთან, ადგილზე მყოფებს თან აქვთ საქართველოსა და აშშ-ს დროშები.

გარდა ამისა, მარშის დროს მანიფესტანტები სკანდირებენ: “გადადექით”, “სანქციები გზაშია”, “თავისუფლება პოლიტპატიმრებს”, “დამხობა რეჟიმს”.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსპარანტები წარწერებით: “ნამდვილი MEGOBARI სანქციებით იცნობაო”, “თავისუფლება სინდისის პატიმრებს!”, “MEGOBARI ACTI - მეგობრობა აქტში!”

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

მანამდე, მსვლელობის მონაწილეები 14:00 საათზე სადგურის მოედნის, ავლაბრის და დელისის მეტროსადგურებთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მეტროთი ახმეტელის მეტროსადგურთან გადაინაცვლეს.