რატომ ირჩევენ რომის პაპები ახალ სახელებს და რომელი მათგანია ყველაზე პოპულარული

8 მაისს, ვატიკანში კონკლავის მიერ ამერიკელ რობერტ ფრანცის პრევოსტის რომის 267-ე პაპად არჩევის შემდეგ ახალმა პონტიფიკოსმა სახელად ლეო XIV აირჩია.

BBC-ის მიმოხილვაში წერია, თუ რატომ აირჩია ახალმა პაპმა ეს სახელი, ზოგადად, რატომ ირქმევენ პაპები ახალ სახელებს და რომელი მათგანია ყველაზე პოპულარული.

როგორც წესი, არჩევის შემდეგ ახალი პაპი პირველი, რასაც აკეთებს, საკუთარი თავისთვის ახალი სახელის არჩევაა, რომელიც ნათლობის დროს მიცემული სახელისგან განსხვავდება. ეს დიდი ხნის ტრადიციის ნაწილია, თუმცა ყოველთვის ასე არ იყო და 500 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პაპები საკუთარ სახელებს იყენებდნენ.

ეს წესი ორი მიზეზის გამო შეიცვალა: საკუთარი სახელების გასამარტივებლად, რომლებიც კათოლიკეებში ხშირად გრძელია და მათი შორეული ან ახლო წინამორბედების პატივსაცემად.

პაპები ხშირად ყოფილი პაპების ან წმინდანების სახელებს ირჩევენ, რომ მათ კვალდაკვალ გაყოლის სურვილზე მიუთითონ. მაგალითად, გარდაცვლილმა პაპმა ფრანცისკემ სახელის არჩევა წმინდა ფრანცისკე ასიზელის თაყვანისცემით ახსნა.

თავად ახალ პაპს ჯერ არ დაუკონკრეტებია, თუ რატომ გადაწყვიტა საკუთარი თავისთვის ლეო XIV-ის წოდება. თუმცა სახელი, ლეო საუკუნეების განმავლობაში ბევრმა პონტიფიკოსმა გამოიყენა.

მაგალითად, პაპი ლეო I, ასევე, ცნობილი, როგორც წმინდა ლეო დიდი, კათოლიკურ ეკლესიას 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, 440-დან 461 წლამდე ხელმძღვანელობდა. ის ისტორიაში 45-ე პაპია და მშვიდობისადმი ერთგულებით არის ცნობილი. ლეგენდის თანახმად, 452 წელს პაპ ლეო I-ისა და ჰუნების ლიდერ ატილას შეხვედრის დროს წმინდანების, პეტრესა და პავლეს სასწაულებრივმა გამოცხადებამ ატილა აიძულა, იტალიაში შეჭრისგან თავი შეეკავებინა.

ბოლო პაპი, რომელმაც სახელად ლეო აირჩია, იტალიელი ვინჩენცო ჯოაკინო პეჩი იყო. ლეო XIII ისტორიაში 256-ე პაპია, რომელიც 1878 წელს აირჩიეს და კათოლიკურ ეკლესიას 1903 წლამდე, გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა. მას სოციალური სამართლიანობის დამცველ მამად იხსენიებენ, რომელიც იმ დროის უკეთესი სოციალური პოლიტიკისთვის იბრძოდა. ლეო XIII ისტორიაში თავისი ენციკლიკით შევიდა, ანუ უმნიშვნელოვანეს სოციალურ-პოლიტიკურ, რელიგიურ და მორალურ საკითხებზე პაპის მთავარი დოკუმენტით, რომლის სახელწოდებაც „Rerum Novarum“-ია („ახალი საკითხების შესახებ“). ამ დოკუმენტში მან ისეთი საკითხები წამოჭრა, როგორიც მუშათა უფლებები და სოციალური თანასწორობაა.

რომელია პაპობის ყველაზე პოპულარული სახელები?!

კათოლიკური ენციკლოპედიის ნომერ მე-12-ე გამოშვების მიხედვით, ლეო პაპებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახელია. თუმცა ყველაზე ხშირად იოანე გამოიყენება. ის პირველად პაპმა 523 წელს აირჩია, ხოლო ბოლო პაპი, რომელმაც ეს სახელი დაირქვა, იტალიელი ანჯელო ჯუზეპე რონკალი იყო. ის 1958 წელს პაპი, იოანე XXIII გახდა.

რომის პაპების ყველაზე პოპულარული სახელებია:

  • იოანე - 21 პაპი
  • გრიგორი - 16
  • ბენედიქტი - 15
  • ლეო - 14
  • კლიმენტი - 14
  • ინოკეტნი - 13
  • პიი - 12
  • სტეფანე - 9
  • ბონიფაცი - 8
  • ურბანი - 8

მოამზადა ლადო სულაბერიძემ