„ავტოსექტორში დადებითი დინამიკა იარსებებს იქამდე, სანამ უკრაინაში ომი გაჩერდება ან/და სანქციები მოიხსნება“ - Gnomon Wise

„რუსეთ-უკრაინის ომის დაწებიდან, საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი არსებითად გაზრდილია“, - ამის შესახებ აღნიშნულია კვლევითი ორგანიზაცია Gnomon Wise-ის პუბლიკაციაში, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის ავტობიზნესზე გავლენას ეხება.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე, მათ შორის, ავტობიზნესზე, დადებითი იყო. კვლევის ავტორის, ეგნატე შამუგიას მოსაზრებით, დადებითი ეფექტი შენარჩუნდება ომის დასრულებამდე ან/და რუსეთისთვის სანქციების მოხსნამდე.

„სანქციებისა და რუსეთიდან არაერთი ავტოკომპანიის გასვლის შემდეგ, საქართველოს გავლით მსუბუქი ავტომობილების სავაჭრო მარშრუტი გაფართოვდა. შედეგად, საქართველოში ავტომობილების იმპორტი და შემდეგ, ევრაზიული კავშირის ქვეყნებში რეექსპორტი მკვეთრად გაიზარდა. ამით პირველ რიგში, ავტოსექტორში ჩართულმა სუბიექტებმა იხეირეს. ასეთი დადებითი დინამიკა და სავაჭრო მარშრუტი შენარჩუნებულია და იარსებებს იქამდე, სანამ ომი გაჩერდება ან/და სანქციები მოიხსნება“, - ვკითხულობთ კვლევაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკრაინაშ ომის დაწყების შემდეგ, ზოგიერთი ავტოკომპანიის მხრიდან, რუსული ბაზრის დატოვებისა და რუსეთისთვის დასავლური ქვეყნებიდან სანქციების დაწესების გამო, საქართველოში ახალი სატრანზიტო შესაძლებლობები გაჩნდა. სწორედ ამ პერიოდიდან, მთავარი საექსპორტო ქვეყნები გახდა ყაზახეთი და ყირგიზეთი, რომლებიც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრები არიან.

„2022 წლიდან ორივე ქვეყანაში ავტომობილების რეექსპორტი მკვეთრად გაიზარდა. თუმცა მათი დიდი ნაწილი არა - ამ ქვეყნის მომხმარებელთან, არამედ, საბოლოოდ, რუსულ ბაზარზე ხვდება. თუკი 2021 წელს ყაზახეთსა და ყირგიზეთში 4.8 ათასი ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 83.5 ათას ერთეულს აღწევს, ხოლო ამ ქვეყნებში ექსპორტირებული ავტომობილების საერთო ღირებულება 4 041 მლნ აშშ დოლარი იყო“, - აღნიშნულია კვლევაში.

ამასთანავე, კვლევის ავტორი აღნიშნავს, რომ ომის შემდეგ შექმნილ გარემოებებში, არსებითად გაფართოვდა ავტობიზნესი, რაც ავტოსექტორის ბრუნვის მოცულობის აჩქარებულ ტემპში ვლინდება. კერძოდ, გაზრდილია საქართველოში უმსხვილესი ავტობიზნესის კომპანიების მოგება და მოგებიანობის დონეც.

„მაგალითად, 2023 წელს, ავტობიზნესის ათი უმსხვილესი კომპანიის დაბეგვრამდე, მოგება 77.7%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში მათი მოგება იყო, ჯამში, 287.5 მლნ ლარი, შემოსავლების - 10.5%, ხოლო აქტივების საშუალოდ - 27.2%. ავტობიზნესის უმსხვილესი კომპანიების მოგების მარჟა და აქტივებზე უკუგება, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, თითქმის ორ-ნახევარჯერ გაზრდილია. ასეთი კომპანიები კი უმეტესად ახალი ავტომობილებით ვაჭრობენ.

თუმცა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მხრიდან ძირითადი მოთხოვნა მეორეულ ავტომობილებზეა. რუსეთში მეორეულ ავტომობილებზე მოთხოვნა გაზრდილია ომის შემდეგ, რადგან ომის გამო დაწესებულმა სანქციებმა და რუსული ბაზრიდან კომპანიების გასვლამ ახალ მანქანებზე ფასის მატება გამოიწვია. ამდენად, მეორეული ავტომობილების ბიზნესში ჩართული კომპანიებისა და ცალკეული ინდივიდების შემთხვევაში, მოგებისა და მოგებიანობის დონე, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტად არის გაზრდილი“, - აღნიშნულია Gnomon Wise-ის პუბლიკაციაში.

მერი ტაბატაძე