2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7.755 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.3 პროცენტით მეტია. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, აქედან, ექსპორტი 2.014 მლრდ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 14.2 პროცენტით), ხოლო იმპორტი 5.741 მლრდ. აშშ დოლარი (გაიზარდა 15.7 პროცენტით).
ამასთან, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-აპრილში 3.726 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.1 პროცენტია.