აშშ-მა ჩინეთიდან შეტანილ იაფ საქონელზე ტარიფები 120%-დან 54%-მდე შეამცირა

აშშ 14 მაისიდან ჩინეთიდან შეტანილ დაბალი ღირებულების საქონელზე ტარიფებს 120%-დან 54%-მდე ამცირებს, თუმცა 100 დოლარის ოდენობის ფიქსირებული გადასახადი შენარჩუნდება.

ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გამოცემულ ბრძანებაში წერია, რასაც Reuters ავრცელებს.

ადრე ჩინეთიდან 800 დოლარამდე ღირებულების საქონელი, რომელიც ფოსტის სერვისით იგზავნებოდა, უბაჟო რეჟიმს ექვემდებარებოდა და შეერთებულ შტატებში მინიმალური შემოწმების შემდეგ შედიოდა.

თუმცა თებერვალში პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა უბაჟო რეჟიმი გააუქმა და პაკეტის ღირებულების 120%-იანი გადასახადი დააწესა. ასევე, ივნისში ფიქსირებული 200-დოლარიანი გადასახადი უნდა ამოქმედებულიყო.

ამჯერად, თეთრი სახლის განკარგულების თანახმად, გადასახადი 120%-დან 54%-მდე მცირდება და ცვლილება ხვალიდან, 14 მაისს ამოქმედდება. ამასთან, 200-დოლარიანი ფიქსირებული გადასახადის შემოღების გეგმა დღის წესრიგიდან ამოღებულ იქნა და განაკვეთი 100 დოლარზე დარჩება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ