"ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტის არსებული ფორმით მიღება უკვე აზარალებს ინვესტორების განწყობას"

ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო არის კიდევ ერთი შესაძლებლობა პარლამენტის წევრებისთვის, რომ თავის გადაწყვეტილებას გადახედონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განუცხადა. ქადაგიძის თქმით, გაეცნო იმ საბოლოო რედაქციას, რომელიც პარლამენტმა სამივე მოსმენით მიიღო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს კანონპროექტი დიდი საფრთხის შემცველია.

"პირველ რიგში, სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისითაც კი, ის ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, ვინაიდან არის უამრავი მუხლი, რომელიც შეიძლება წაიკითხოს სხვადასხვაგვარად. ეს სერიოზულ პრობლემას შექმნის სამომავლოდ. გარდა ამისა, იგი კონსტიტუციასთან არის შეუსაბამობაში. ასევე, შეუსაბამობაშია ასოცირების დღის წესრიგთან. კანონპროექტმა კრიტიკის ქარცეცხლში გაიარა ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ნათელია, რომ ამ კანონის მიღების მიზანია, რასაც არც ინიციატორები არ უარყოფენ, რომ მოხდეს ეროვნული ბანკის დასუსტება, ეროვნული ბანკის გახლეჩვა, ასევე საქართველოს პრეზიდენტის როლის შემცირება როგორც კონსტიტუციის, ძალთა ბალანსის გარანტის", - განაცხადა ქადაგიძემ.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, კანონის ასეთი ფორმით მიღება მნიშვნელოვნად დააზიანებს მთლიანად სექტორს, უკვე აზარალებს ინვესტორების განწყობას და საბოლოო ჯამში მის უარყოფით შედეგებს თითოეული ჩვენი მოქალაქე საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს. რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს, ქადაგიძემ აღნიშნა, რომ მიესალმება ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებას.

"ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის ვეტო არის ის კიდევ ერთი შესაძლებლობა პარლამენტის წევრებისთვის, გადახედონ თავის გადაწყვეტილებას. ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია საჯაროდაც ცნობილია. ეს კანონი არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი. ამ კანონის ამ ფორმით მიღება არ შეიძლება. ეს არის ეროვნული ბანკის პოზიცია და არა მარტო ეროვნული ბანკის. არც ერთი თავმოყვარე ეკონომისტი დადებითად არ აფასებს ამ პროექტს", - განაცხადა ქადაგიძემ.

კითხვაზე, რომ კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტში 70 ცვლილება შევიდა, ქადაგიძემ აღნიშნა, რომ პრინციპულად არც ერთი მნიშვნელოვანი შენიშვა გათვალისწინებული არ ყოფილა. კითხვაზე, კონკრეტულად რა საფრთხეების შემცვლელია აღნიშნული კანონპროექტი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს უკვე აისახა ინვესტორების ნდობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ უკეთეს შემთხვევაში ინვესტორები გადადიან გარკვეულწილად მოლოდინის რეჟიმში, რაც საბოლოო ჯამში მთლიანობაში ეკონომიკურ აქტივობაზე აისახება.