„საცხოვრებლების დაკარგვის პროცესმა იატაკქვეშ გადაინაცვლა“ -  იურისტი

„საცხოვრებლების დაკარგვის პროცესმა იატაკქვეშ გადაინაცვლა“ - როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტმა, მარიამ ჯანიაშვილმა განაცხადა, ბოლოდროინდელი სტატისტიკა, თითქოს ბოლო წლებში ნაკლებად ხდება საცხოვრებლების ბანკით გაყიდვა, რეალობას არ შეესაბამება.

„როდესაც შინამეურნეობები იღებენ ვალს და ვალის მოცულობა მუდმივად იზრდება, გვაქვს ჭარბვალიანობის კრიზისი ქვეყანაში, გვიწევს არჩევანის გაკეთება ვალსა და გადარჩენას შორის. საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბეში და ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რაც შეიძლება ოჯახმა მიიღოს, არის დამატებითი სესხის აღება იმისთვის, რომ ცხოვრების აუცილებელი ხარჯები დაფარონ.

მეორე მხრივ, გვაქვს კატეგორია, რომელიც არ არის სოციალურად მოწყვლადი, მაგრამ შესაძლოა, დაკარგონ სამუშაო, შეექმნათ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები და ა.შ. ისინი უცებ ხდებიან მოწყვლადები და რამდენადაც სახელმწიფოსგან ასევე არ არსებობს ასეთ დროს თანადგომის პროგრამა, ეს ადამიანები მძიმე მდგომარეობაში ვარდებიან“, - განაცხადა იურისტმა.

მისი თქმით, ყველაზე მძიმე, რაც ამ დროს ხდება, შეიძლება მოხდეს საცხოვრებლის დაკარგვა, როგორც ბანკის, ასევე კერძო მევახშეების მიერ.

„თუკი მოვიშველიებთ ბოლოდროინდელ სტატისტიკას, მსგავსად უძრავი ქონების ბანკით გაყიდვების შემცირების თაობაზე, ეს იმასთან არის კავშირში, რომ საცხოვრებლების დაკარგვის პროცესმა იატაკქვეშ გადაინაცვლა. ერთი მხრივ გვაქვს სიტუაცია, როდესაც სესხის ხელშეკრულება ოფიციალურად იდება და მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში ოფიციალური სახე ეძლევა ამ ყველაფერს. მაგრამ მეორე მხრივ, სებ-მა შემოიღო მთელი რიგი რეგულაციები, რომლითაც კერძო მევახშეები „დაარეგულირა“. სწორედ ამ რეგულაციების თავიდან აცილების მიზნით ხდება ე.წ. ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულების დადება ანუ შინამეურნეები სინამდვილეში დებენ სესხის ხელშეკრულებას, თუმცა ეს არის თვალთმაქცურიო გარიგება და საცხოვრებელი გადადის კერძო მევახშის საკუთრებაში“ - განაცხადა მარიამ ჯანიაშვილმა.

მისი თქმით, ოფიციალურად, 2020-დან 2024 წლამდე გასხვისდა 4500-ზე მეტი უძრავი ქონება. „ეს არის ოფიციალური სესხის ხელშეკრულების შედეგად წარმოქმნილი სტატისტიკა, ხოლო 2019 წელს, როდესაც ეროვნულმა ბანკმა მიიღო ცვლილებები კერძო მევახშეებთან დაკავშირებით, იქიდან დაახლოებით 3 წელში ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულების ოდენობა არის 11 ათასზე მეტი. ამით ჩანს, რომ ოფიციალური მონაცემები არის აისბერგის ზედა მხარე და სიტუაცია გაცილებით რთულადაა“ - აღნიშნა იურისტმა.

ეკა დარჩიაშვილი