თანამდებობის პირი ვალდებული იქნება, თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ქონებრივი დეკლარაცია შეავსოს

თანამდებობის პირი ვალდებული იქნება, თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ქონებრივი დეკლარაცია შეავსოს. ეს მან იმ შემთხვევაში უნდა გააკეთოს, თუ ახალ სადეკლარაციო თანამდებობაზე არ განწესდება. ასეთ ცვლილებას "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონპროექტი ითვალისწინებს.

ამავე ცვლილებებით, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსების დრო ზუსტდება. მოქმედი კანონის გათვალისწინებით, თანამდებობის პირი ვალდებულია, თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში, ყოველწლიურად - ყოველი წინა დეკლარაციის შევსების დღიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ერთი კვირის ვადაში შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, რომელშიც თანამდებობის პირის მიერ წინა წელს შევსებულ დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების ცვლილებები უნდა ასახოს. კანონში დაგეგმილი ცვლილებით კი, მან ქონებრივი დეკლარაცია წინა დეკლარაციის შევსების თვის განმავლობაში უნდა შეავსოს და წარადგინოს.

გარდა ამისა, დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეკვიზიტების მოთხოვნის უფლებით საჯარო სამსახურის ბიუროსთვის მიმართვის საშუალება ექნება როგორც საჯარო დაწესებულების უფლებამოსილ პირს, ასევე თანამდებობის პირს, ან უკვე განთავისუფლებულ თანამდებობის პირს. ასევე, დეკლარაციის ჩაბარებიდან 48-საათის განმავლობაში, თანამდებობის პირს დეკლარაციაში უკვე ასახული მონაცემების რედაქტირების შესაძლებლობა ექნება. თანამდებობის პირი ასევე ვალდებული იქნება, მონიტორინგის მიზნებისათვის, დეკლარაციაში ასახოს როგორც ოჯახის წევრების, ასევე მასთან მუდმივად მცხოვრები პირების პირადი მონაცემები.

"საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ერთ-ერთია იმ საკანონმდებლო პაკეტში, რომელიც საჯარო სამსახურის რეფორმირებას ისახავს მიზნად. პარლამენტში განსახილველად წარდგენილი "საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონპროექტი, ცვლილებას 65 სხვადასხვა კანონში იწვევს.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.