„ეჭვი მაქვს ამ ნარკოპოლიტიკას კონკრეტული ინტერესებიდან გამომდინარე გამოიყენებენ“ - რა საკანონმდებლო ცვლილებები შედის ძალაში 1-ლი ივნისიდან

„1-ლი ივნისიდან ასამოქმედებელი კანონი ითვალისწინებს, რომ თუკი 5 გრამამდე მარიხუანას აღმოგიჩენენ, ჯარიმასთან ერთად, ავტომობილის მართვის უფლებას 3 წლის ვადით ჩამოგართმევენ“, - ამის შესახებ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ადვოკატმა, ვახტანგ მაჭავარიანმა განაცხადა.

ცნობისთვის, მკაცრდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის.

მაჭავარიანის თქმით, მარიხუანასა თუ სხვა ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენის შემთხვევაში, საკმაოდ სერიოზული სანქციებია, რაც იარაღის შენახვა-ტარების, ავტომობილის მართვისა და საჯარო სამსახურში მუშაობის აკრძალვებს ითვალისწინებს.

„ფულადი სანქცია ისევ 500-ლარიანი იქნება, თუმცა, ავტომობილის მართვის უფლების 3 წლის ვადით ჩამორთმევასთან ერთად, 3 წლამდე იარაღის შენახვა-ტარება და საჯარო სამსახურში მუშაობაც აგეკრძალებათ.

ასევე, მნიშვნელოვანი სიახლეები შეიძლება იყოს პოლიტიკოსების, ადვოკატებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის - პოლიტიკოსებისთვის არჩევნებში 5 წლამდე ვადით მონაწილეობის აკრძალვა განიხილება, ადვოკატებისა და ექიმებისთვის კი ამავე ვადით საქმიანობას ჩამოშორება“.

ადვოკატი გამოთქვამს ვარაუდს, რომ აღნიშნული კანონი და ასეთი მკაცრი სანქციები, შესაძლოა, კონკრეტული ინტერესებიდან გამომდინარე, კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ გამოიყენონ.

„ცხადია, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თუნდაც ასეთი მკაცრი სანქციები, მარიხუანასა და სხვა ნარკოტიკების მოხმარებას მომენტალურად შეაჩერებს, შესაბამისად, ეჭვი მაქვს, მათ გარკვეული ინტერესებიდან გამომდინარე, კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ გამოიყენებენ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

ირაკლი ფოფხაძე