ვაკეში, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია იგეგმება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამუშაოები შეეხება ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან წყნეთის გზატკეცილ ნომერ 6-მდე არსებულ ტერიტორიას.
„თქვენ იცით, რომ ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავამთავრეთ ვაკის პარკამდე და დარჩენილი მონაკვეთი იქნება გაკეთებული ამ პროექტის ფარგლებში. გარდა ამისა, შეიცვლება წყალმომარაგებისა და გაზმომარაგების სისტემები, სანიაღვრე და წყალარინების ქსელები, ელექტროგადამცემი ხაზები.
ქუჩებზე მოეწყობა ახალი სტანდარტების ტროტუარები, უსაფრთხოების კუნძულები და ზებრა გადასასვლელები. გზის სავალ ნაწილს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, დაიგება ასფალტის ახალი საფარი, განახლდება გარე განათების სისტემები, დამონტაჟდება ენერგოეფექტური ლედ სანათები, ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. ასევე, ჩატარდება შესაბამისი გამწვანება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში იგეგმება გზის გაფართოება. კერძოდ, ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან წყნეთის გზატკეცილ ნომერ 6-მდე ერთი საავტომობილო ზოლი დაემატება.
„აღნიშნული გზის სავალ ნაწილს ერთი სამოძრაო ზოლი შეემატება, რაც ხელს შეუწყობს ტრანსპორტის ნაკადების გამტარუნარიანობის ზრდას, შეამცირებს საცობებს და გააუმჯობესებს გადაადგილებისას კომფორტს.
სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ასევე, შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა, რასაც საზოგადოებას ვამცნობთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.