ბაკურიანში ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იწყება

ბაკურიანში ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-განვითარება იწყება, - ამასთან დაკავშირებით სასტუმრო "რედისონში" თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა - საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს", ასევე ეკონომიკის სამინისტროს შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიას" და "თიბისი ჯგუფის" კომპანია "ჯიარდისი ჰოლდინგში" შემავალ შპს "ახალ მიტარბს" შორის.

მემორანდუმს მთავრობის სახელით ხელი მოაწერა, ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.  მემორანდუმი ბაკურიანის და მიტარბის ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და განვითარებას ითვალისწინებს, კერძოდ დაინერგება ოთხ სეზონური მთის კურორტის კონცეფცია, რაც ხელს შეუწყობს მთის ტურიზმის შემდგომ პოპულარიზაციას საქართველოში. ბაკურიანში "კოხტას მთაზე" მოხდება ახალი საბაგიროს დამონტაჟება, შუალედური სადგურით, რომლის მშენებლობა 2015 წლის ბოლოსთვის დასრულდება. მის მიმდებარე ტერიტორიაზე კი აშენდება 500 საწოლზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა - სასტუმროები, სასტუმროს ტიპის აპარტამენტები, კოტეჯები, კვების და გასართობი ობიექტები. მიტარბში "კოხტა 2"-ის სახელით ცნობილ მთაზე დამონტაჟდება 2 საბაგირო და კოხტასთან დამაკავშირებელი საფეხმავლო საბაგირო, რომლის მშენებლობა 2016 წლის ბოლოსთვის დასრულდება. მიმდებარე ტერიტორიაზე კი აშენდება 300 საწოლზე გათვლილი ტურისტური ინფრასტრუქტურა. საბაგიროს მშენებლობას განახორციელებს სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავსტრიული კომპანია "დოპელმაიერი".

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ განუცხადა, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული მოვლენაა. "ჩვენი მხრიდან მოხდება 48 მილიონი ლარის ინვესტირება, ხოლო კერძო კომპანიის მხრიდან დაახლოებით 70 მილიონი ლარის. ეს იქნება ყველაზე თანამედროვე სტანდარტების ძალიან მაღალი დონის დაგეგმარებული და ახლიდან შექმნილი კურორტი. ეს ინვესტიცია, არა მხოლოდ ამ კუთხეს, არამედ მთლიანად საქართველოს მოუტანს ძალიან დიდ სარგებელს. მე მიხარია, რომ ასეთი მოდელი პირველად ხორციელდება საქართველოში, საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის პარტნიორობის მოდელი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ მოდელს გამოიყენებს არა მხოლოდ ბაკურიანში, არამედ ყველა სხვა სამთო-სათხილამურო კურორტის მიმართულებით.