გიორგი ქადაგიძე: მოლოდინების მართვა ეკონომიკური პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია, ამ მიმართულებით კი, პოლიტიკა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

სავალუტო შემოდინებების გაზრდის გარეშე ეკონომიკური განვითარების სასურველი დონის მიღწევა შეუძლებელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ განუცხადა. კითხვაზე, "როცა ზაფხულის სეზონის პიკია, შემოდის ტურისტების დიდი რაოდენობა, რატომ არ გამყარდა ლარი უფრო მეტად", გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა, რომ მთავარი, რაც დღეს მოქმედებს, ეს არის მოლოდინები.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, მოლოდინები საქართველოს ეკონომიკასთან, იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ვითარდება ჩვენს რეგიონში, არის უარყოფითი და ამ მოლოდინების ფორმირებას არანაირად არ უწყობს ხელს ისეთი კანონები, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, იგულისხმება ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი. "საერთოდ, აუცილებელია აღინიშნოს, რომ მოლოდინების მართვა არის განუყოფელი ნაწილი ეკონომიკური პოლიტიკის. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას", - განაცხადა ქადაგიძემ.

რაც შეეხება ინფლაციას, გიორგი ქადაგიძის თქმით, ინფლაციის მართვა არის ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი.  "ჩვენი დღევანდელი ინფლაცია არის სამიზნე ნიშნულზე უფრო ქვევით. ამ მიმართულებით ჩვენ განსაკუთრებულ საფრთხეებს ვერ ვხედავთ, ვინაიდან მსოფლიო ბაზარზე პრაქტიკულად ყველა ძირითად სასაქონლე ჯგუფებზე ფასები შემცირებულია. კერძოდ, ხორბალზე, შაქარზე, ნავთობზე და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, დადებითად მოქმედებს, თუმცა ამავე დროს აუცილებელია იმ კონკრეტული ღონისძიებების გატარება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სავალუტო შემოდინებების გაზრდას. სავალუტო შემოდინებების გაზრდის გარეშე ეკონომიკური განვითარების სასურველი დონის მიღწევა შეუძლებელია", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

მისივე თქმით, ლარის კურსის მერყეობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს ის დაუღალავი კამპანია ეროვნული ბანკის წინააღმდეგ, მუდმივი შეტევები რეფინანსირების განაკვეთზე, რომელსაც არანაირი პირდაპირი კავშირი არ აქვს ლარის კურსთან.  "მიუხედავად ამისა, ვინაიდან ბაზარზე არის ჩამოყალიბებული მოლოდინები, რომ შეიძლება რეფინანსირების ინსტრუმენტი გადაიხედოს, ეს კიდევ ერთი უარყოფითი გავლენის მატარებელია. ჩვენ ვაგრძელებთ თანმიმდევრულ პოლიტიკას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ინფლაცია იყოს კონტროლირებადი და ის ფინანსური სტაბილურობის მანდატი იქნას შესრულებული და მიღწეული, როგორც ეს იყო მანამდე", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.