ეროვნულმა ბანკმა სამართლებრივი რეგულირების სახელმძღვანელო მოამზადა

ეროვნულმა ბანკმა ფინანსურ სექტორს სამართლებრივი რეგულირების სახელმძღვანელო შესთავაზა. ახალი გამოცემა საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური სექტორის საქმიანობის შესახებ ნორმატიული აქტების კრებულს წარმოადგენს. სახელმძღვანელოს პრეზენტაცია დღეს ეროვნულ ბანკში გაიმართა, რომელსაც საფინანსო სექტორის წარმომადგენელები ესწრებოდნენ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ გამოცემა პირადად წარადგინა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. "ეს არის მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ბოლო 5 წლის განმავლობაში 300-მდე ნორმატიული აქტი შეიცვალა, ზოგი გადამუშავდა, ზოგი მთლიანად შეიცვალა. ფინანსური სფერო ძალიან დინამიურია, მუდმივად ხდება ცვლილებები ნორმატიულ აქტებში. იმისთვის, რომ ჩვენ ფინანსური სექტორის მდგრადობა უზრუნველვყოთ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ნორმატიული აქტები თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან მაქსიმალურად იყოს დაახლოებული. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია კომერციული ბანკების ჩართულობა, ვინაიდან ისინი ყოველდღიურად გვაწვდიან ინფორმაციას, სად შეიძლება უფრო დაიხვეწოს ესა თუ ის რეგულაცია, სად შეიძლება უფრო კომფორტული იყოს ის მომხმარებლებისთვის. დღეს გარკვეულწილად ამ მუდმივი პროცესის შეჯამება მოხდა და გამოვეცით სამაგიდო წიგნად, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა", - განაცხადა ქადაგიძემ.

წიგნში შესულია ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები, რომელიც მოქმედებს 2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით. მასში ასევე მოცემულია ის საკანონმდებლო აქტები, რომლებიც ეროვნული ბანკის საქმიანობას, ან მის მიერ დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უკავშირდება. გამოცემის ელექტრონული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.