მამუკა ხაზარაძე: ბაკურიანის პროექტი არის ყველაზე მასშტაბური ბოლო 20 წლის ქართულ სინამდვილეში

"თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ბაკურიანის პროექტი არის ყველაზე მასშტაბური ბოლო 20 წლის ქართულ სინამდვილეში, სადაც სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთობლივად იწყებს პროექტს.

ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს სასტუმრო "რედისონში" განუცხადა, სადაც საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს", ასევე ეკონომიკის სამინისტროს შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიას" და "თიბისი ჯგუფის" კომპანია "ჯიარდისი ჰოლდინგში" შემავალ შპს "ახალ მიტარბს" შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მისი თქმით, პროექტის ჯამური ღირებულება აჭარბებს 100 მილიონ ლარს და 2 წელიწადში დასრულდება.  "სამუშაოები უკვე დასრულებულია. წლის ბოლომდე იქნება დაყენებული საბაგირო გზები, არქიტექტურის პირველი მონახაზები უკვე გაკეთებულია, მუშაობენ უცხოელი სპეციალისტები მთის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და ეს იქნება პრინციპულად ახალი სიტყვა ქართული ტურიზმის განვითარებაში. ეს იქნება ყველაზე მაღალ სტანდარტზე დაფუძნებული კონცეფცია, ისეთი, როგორიც ჩვენ გვინახავს საფრანგეთის ალპებში, შვეიცარიაში, იტალიაში და ავსტრიაში, წამყვან სამთო-სათხილამურო ქვეყნების კურორტებში. აქ გაკონტროლდება არ მხოლოდ გენგეგმა, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია, რა მასალით აშენდება", - განაცხადა ხაზარაძემ.

რაც შეეხება იმას, როგორ მოხდება ამ კურორტის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ, ხაზარაძემ განაცხადა, რომ ბევრ ტრადიციულ და ასევე, არატრადიციულ მეთოდს გამოიყენებენ. "ერთ-ერთ მაგალითს გეტყვით, თქვენ იცით, რომ თუნდაც "მიტარბი" და "ბორჯომი" მსოფლიოს 40 ქვეყანაში იყიდება. ეს ნიშნავს, რომ 40 ქვეყნის მომხმარებელთან საქართველოს აქვს კონტაქტი ერთი პროდუქტის ხაზით. 15 წლის წინ, ჩვენ "ბორჯომის" ბოთლს ვაბამდით ჩვენს სარეკლამო მასალას და ყველა კითხულობდა რა იყო აქ. ეს ერთ-ერთი ძალიან მარტივი მაგალითი გითხარით. გავრცელდება ინფორმაცია დავუკავშირდებით ყველა პოტენციურ ქვეყნებს, რომ სანამ დამთავრდება პროექტი, მანამდე იყოს მარკეტინგული სამუშაოები ჩატარებული", -განაცხადა ხაზარაძემ.

ბაკურიანში ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-განვითარება იწყება. ამის შესახებ სასტუმრო "რედისონში" თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს,"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიასა" და"ჯიარდისი ჰოლდინგში" შემავალ შპს "ახალ მიტარბს" შორის.